გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის და საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკანიანის გადადგომას ითხოვს.
გრიგოლ ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ხელისუფლებამ კერძო პირებად გამოაცხადა 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილე ჯარისკაცები, რის გამოც მათ დამოუკიდებლად მოუწევთ რუსული ყალბი მასალების წინააღმდეგ ბრძოლა.
„საქართველოს სახელმწიფო მისი იუსტიციის მინისტრის სახით ხელს იბანს 2008 წლის ომის ვეტერანებთან დაკავშირებით და აცხადებს მათ კერძო პირებად, რომლებმაც ინდივიდუალურად უნდა დაიცვან თავი მათ წინააღმდეგ ოკუპანტი ქვეყნის არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შეთითხნილი ყალბი მასალების წინააღმდეგ. თუ ამ საქმის განხილვისას ამჟამინდელი ხელისუფლება იქნება, მოხდება ჩვენი ჯარისკაცების საქმეების განზოგადება საქართველოს სახელმწიფოს საწინააღმდეგოდ და დავდგებით უმძიმესი საფრთხის წინაშე“, - განაცხადა ვაშაძემ.
მისი თქმით, „ოცნებამ“ წინა ხელისუფლების დროს ოკუპანტი ქვეყნის პასუხისმგებლობის თემა შემოატრიალეს საქართველოს წინააღმდეგ, რათა ვიწროპარტიული ინტერესი დაიცვან.
„ რუსეთის ფედერაცია ცდილობს თავიდან აიცილოს პასუხისმგებლობა დანაშაულებზე რაც მათ ჩაიდინეს და ამ მიზნით, რუსული ფსევდო არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მომზადებულ ყალბ მასალებს აძლევენ ჰააგის სასამართლოს. მინისტრ წულუკიანის განცხადებებიდან და ქმედებებიდან გამომდინარე, სასწრაფოდ არის გასაკეთებელი ორი რამ: მინისტრი წულუკიანი და მინისტრი ზალკალიანი უნდა გადადგნენ დაკავებული თანამდებობებიდან. ჩვენ არ გვაინტერესებს ეს ყველაფერი მოხდა მათი პროფესიონალური გამოუსადეგრობის გამო თუ გამიზნულად. სასწრაფოდ საჭიროა მათ თანამდებობებზე დაინიშნონ პროფესიონალი და ქვეყნის ინტერესების დამცველი ადამიანები“, - განაცხადა ვაშაძემ.