
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის ინიციატივითა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის (Institut Français de Géorgie) ხელშეწყობით მწერალი ერიკ-ემანუელ შმიტი საქართველოს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში, 30 ნოემბერს მკითხველთან შეხვედრას საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა უმასპინძლებს.
ერიკ-ემანუელ შმიტი ბოლო ათწლეულის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილი და პოპულარული ფრანგულენოვანი ავტორია. მკითხველებისა და კრიტიკოსებისგან აღიარებული მწერალი, დრამატურგი და რეჟისორი რამდენიმე პრესტიჟული ლიტერატურული და თეატრალური პრემიის მფლობელია. მისი ნაწარმოებები თარგმნილია 40-ზე მეტ ენაზე, სპექტაკლები კი 50-მდე ქვეყანაშია დადგმული.
„ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ“ ერიკ-ემანუელ შმიტის არაერთი ნაწარმოები თარგმნა. სწორედ ამ თარგმანების დამსახურებით შეიყვარა ქართველმა მკითხველმა ავტორი. განსაკუთრებით პოპულარულია: „ოსკარი და ვარდისფერი ქალბატონი“, „პილატეს სახარება“ „ნოეს შვილი“, „ბატონი იბრაჰიმი და ყურანის ყვავილები“ და „ულისე ბაღდადიდან“, - ნათქვამია ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.