„ქალთა მოძრაობა“ წინასაარჩევნო კამპანიაში გენდერული დისკრიმინაციის ნიშნების შესახებ განცხადებას ავრცელებს. განცხადების ხელმომწერები მოუწოდებენ არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს, ხაზგასმით კი მმართველ პოლიტიკურ ძალას „ქართულ ოცნებას“’, გამოიჩინოს მეტი გენდერული მგრძნობელობა, არ წარმოაჩინოს სალომე ზურაბიშვილი მსხვერპლად, კაცებთან შედარებით სუსტ პოლიტიკოსად და არ გაამყაროს გენდერული სტერეოტიპი ქალი პოლიტიკოსების მიმართ. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მსგავსი რიტორიკა აზიანებს ზოგადად საარჩევნო გარემოს და კიდევ უფრო აფერხებს ქალების პოლიტიკაში აქტიურ მონაწილეობას
„ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობა ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა. „ქალთა მოძრაობა“ და სხვა სამოქალაქო ორგანიზაციები არაერთი წელია, იბრძვიან ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის გაზრდისთვის, მათ შორის, გენდერული კვოტის ადვოკატირებით. სამწუხაროა, რომ ექვსი წლის განმავლობაში არაერთგზის ინიცირებული კვოტების კანონპროექტს ხელისუფლებამ მხარი არ დაუჭირა.
ამასთან, მნიშვნელოვანია, საარჩევნო პროგრამებში ქალების პრობლემების ასახვა და შესაბამისი დისკუსია. ამ მიზნით, „ქალთა მოძრაობამ“ და ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფმა 2018 წლის 4 ოქტომბერს მოაწყო საპრეზიდენტო კანდიდატების დებატები გენდერული თანასწორობის საკითხებზე. მოწვეული ხუთი კანდიდატიდან შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო მხოლოდ ორმა და აქედან არც ერთი არ იყო არჩევნების მეორე ტურში გადასული საპრეზიდენტო კანდიდატი. განსაკუთრებული იმედგაცრუება გამოიწვია ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი ქალი კანდიდატის არმოსვლამ ორგანიზატორების მხრიდან მრავალჯერადი მოწვევისა და ალტერნატიურლი თარიღის შეთავაზების მიუხედავად.
„ქალთა მოძრაობა“ და სადამკვირვებლო ორგანიზაციები განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდებოდნენ საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიას გენდერული ნიშნით დისკრიმინაციისა და სექსიზმის გამოვლენის მიზნით, ვინაიდან საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში კენჭს ორი ქალი იყრიდა.
აღსანიშნავია, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანია როგორც პირველ, ასევე მეორე ტურში ხასიათდება განსაკუთრებით დაბალი პოლიტიკური კულტურით, რაც გამოიხატება, ერთი მხრივ, საკითხებზე არაორიენტირებული კამპანიებითა და, მეორე მხრივ, პირადი ხასიათის თავდასხმებით. თუმცა დღემდე გენდერული ნიშნით დისკრიმინაციული საარჩევნო კამპანია ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების და არც დამოუკიდებელი მედია მონიტორინგის ანგარიშებში არ დაფიქსირებულა, გარდა ცალკეული პოლიტიკური ლიდერების მხრიდან (მიხეილ სააკაშვილი, შალვა ნათელაშვილი) გაკეთებული რამდენიმე სექსისტური გამონათქვამისა. ხაზგასასმელია, რომ აღნიშნულ განცხადებებს არ მიუღია კამპანიური ხასიათი და არ გამხდარა საზოგადოებრივი განხილვის საგანი.
ამის მიუხედავად, მმართველი პოლიტიკური გუნდი გამუდმებით ცდილობს მათ მიერ მხარდაჭერილი ქალი კანდიდატის გენდერული დისკირმინაციის მსხვერპლად წარმოჩენას კონკრეტულ ფაქტებზე მითითების გარეშე. მსგავსი მიდგომა, განსაკუთებით კი მმართველი გუნდის გადაწყვეტილება, გაექრო მის მიერ მხარდაჭერილი ქალი კანდიდატი არჩევნების მეორე ტურის კამპანიიდან და სარეკლამო ბილბორდებზეც კი ჩაენაცვლებინა იგი კაცი პოლიტიკოსებით, აზიანებს გენდერული თანასწორობის იდეას და კიდევ უფრო ხელს უწყობს ქალი პოლიტიკოსების მარგინალიზაციას“, - წერია განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ:
ქალთა მოძრაობა
საფარი
ქალთა მზერა
ადამიანის უფლებათა ცენტრი
ახალგაზრდა მწვანეები
თანასწორობის მოძრაობა
ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ
ქალები საერთო მომავლისათვის