Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ხუთი ადამიანიდან მხოლოდ ერთი უჭერს მხარს ჰომოსექსუალთან საქმიან ურთიერთობას - კვლევა

16 ნოემბერი, 2018 13:36

„სიძულვილით მოტივირებული დანაშაული, სიძულვილის ენა და დისკრიმინაცია საქართველოში: საზოგადოების განწყობა და ინფორმირებულობა“ - კვლევა CRRC-საქართველომ ევროპის საბჭოს მიერ მხარდაჭერილი ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში ჩაატარა. 

უმცირესობებს შორის ყველაზე პოზიტიური განწყობა არსებობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიმართ. 

„შედარებით ნეგატიურია დამოკიდებულება რელიგიური უმცირესობების, ევროპის გარეთ ქვეყნებიდან მიგრანტების და ლგბტ თემის მიმართ. ხუთი ადამიანიდან მხოლოდ ერთი უჭერს მხარს ჰომოსექსუალთან საქმიან ურთიერთობას.” - წერია კვლევაში. 

კვლევის რესპონდენტებს დაუსვეს კითხვა, მოუწონებდნენ თუ არა მათნაირ ადამიანს უმცირესობის სხვადასხვა ჯგუფთან საქმიან ურთიერთობებს. 

ამერიკელებსა და რუსებთან საქმიან ურთიერთობებს მოსახლეობის 80% უჭერს მხარს, 

აფრიკელებთან - 54%, ხოლო ჰომოსექსუალებთან - მხოლოდ 22%.

რელიგიურ ჯგუფებს შორის, რესპონდენტები საქმიან ურთიერთობას ყველაზე ნაკლებად იეჰოვას მოწმეებთან უჭერენ მხარს. 

საყურადღებოა, რომ ერთადერთი ჯგუფი, რომელთანაც საქმიან ურთიერთობას ყველაზე ნაკლები ადამიანი უჭერს მხარს, ჰომოსექსუალების ჯგუფია. 

„ჰომოსექსუალებთან დაკავშირებით, თვისებრივი კვლევის შედეგები ადასტურებს, რომ ლგბტ ადამიანების მიმართ ტოლერანტობის დონე დაბალია, რაც ინტერვიუებსა და ფოკუსჯგუფებში თანაბრად შეინიშნებოდა.

აღსანიშნავია, რომ ფოკუსჯგუფის ის მონაწილეებიც, რომლებიც, სხვებთან შედარებით, ლგბტ ადამიანების მიმართ პოზიტიური დამოკიდებულებით გამოირჩეოდნენ, შეხვედრებზე ჰომოსექსუალების მიმართ შეურაცხმყოფელ სიტყვებს იყენებდნენ.“

„ტოლერანტობის დონეზე მეტყველებს ისიც, თუ ვის ისურვებდნენ ადამიანები თავიანთ მეზობლად. გამოკითხვის ფარგლებში მონაწილეებს ეთხოვათ, დაესახელებინათ ის ჯგუფები, რომლებსაც მეზობლებად არ ისურვებდნენ. მათ შეეძლოთ, მოენიშნათ იმდენი ჯგუფი, რამდენიც სურდათ. ყველაზე ხშირად, მონაწილეები ნიშნავდნენ ნარკოდამოკიდებულ პირებს (67%) და კრიმინალებს (67%), ხოლო შემდეგ ლგბტ ადამიანებს (54%). სხვა ჯგუფები რესპონდენტთა მხოლოდ მცირე ნაწილმა დაასახელა, რაც ამყარებს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ უმცირესობის ჯგუფებს შორის, საქართველოში ნეგატიური განწყობა ყველაზე მეტად ლგბტ ადამიანების მიმართ არსებობს.“

მიიჩნევენ თუ არა მრაველფეროვნებას დადებით მოვლენად ? 

ინფორმირებულობასთან ერთად მნიშვნელოვანი საკითხია ის, თუ როგორ აფასებს მოსახლეობა საზოგადოების მრავალფეროვნებას. აღნიშნულის დასადგენად, რესპონდენტების მიმართ დაისვა კითხვა, მიიჩნევენ თუ არა, რომ მრავალფეროვნება, მათ შორის ეთნიკური და რელიგიური, ქვეყნისთვის დადებითი მოვლენაა.

გამოკითხულთა უმრავლესობამ აღნიშნა, რომ მრავალფეროვნება პოზიტიურ მოვლენას წარმოადგენს, თუმცა, რესპონდენტთა აზრი გაიყო რელიგიურ მრავალფეროვნებასთან დაკავშირებით. 

კერძოდ, რელიგიურ მრავალფეროვნებას უფრო ნაკლები ადამიანი მიიჩნევს პოზიტიურ მოვლენად, ვიდრე, ზოგადად, მრავალფეროვნებას ან ეთნიკურ მრავალფეროვნებას.

რელიგიურ მრავალფეროვნებას, უმრავლესობა (38%) მიიჩნევს, რომ იგი საფრთხეს უქმნის მათ რელიგიას, ხოლო რესპონდენტთა თითქმის იგივე რაოდენობა ფიქრობს, რომ იგი საფრთხეს უქმნის „ჩვენს კულტურას და ტრადიციებს“.
მრავალფეროვნების შესახებ ამბივალენტური და ბოლომდე ჩამოუყალიბებელი მოსაზრებების გამოსავლენად ჩატარდა მეორე რეგრესიული ანალიზი. 

შედეგები ცხადყოფს, რომ ყველაზე მეტად ამბივალენტური და ბუნდოვანი განწყობა მრავალფეროვნების მიმართ აქვთ ქალებს, ეთნიკურ ქართველებს და ეთნიკურ სომხებს. 

რესპონდენტებს შორის, ქალების 53%-ის და მამაკაცების 46%-ის პასუხი იყო ამბივალენტური ან ბუნდოვანი. აღნიშნული მაჩვენებელი აზერბაიჯანელების შემთხვევაში 28%-ია, ეთნიკური ქართველების შემთხვევაში - 51%, ხოლო ეთნიკური სომხების შემთხვევაში - 64%.

კვლევის მეთოდოლოგია: 

საზოგადოების მიერ ზემოაღნიშნული საკითხების აღქმის შესაფასებლად, CRRC საქართველომ ჩაატარა კვლევა შერეული მეთოდების გამოყენებით. თვისებრივი მონაცემების შესაგროვებლად კვლევა ითვალისწინებდა ჩაღრმავებულ ინტერვიუებსა და ფოკუსჯგუფებს უმცირესობების სხვადასხვა ჯგუფისა და ეთნიკური ქართველების მონაწილეობით. რაც შეეხება რაოდენობრივი მონაცემების შეგროვებას, ამ მიზნით, CRRC-საქართველომ ქვეყნის მასშტაბით ჩაატარა წარმომადგენლობითი კვლევა, რომლის მიღწეული შერჩევის ზომაც იყო 2205 რესპონდენტი, ხოლო საშუალო ცდომილების ზღვარი - 2.9%. შერჩევა მოიცავდა საქართველოს იმ ტერიტორიების წარმომადგენლობით სამიზნე ჯგუფებს, სადაც მოსახლეობის ძირითადი ენაა სომხური ან აზერბაიჯანული. კვლევა, ასევე, წარმომადგენლობითია ქვეყნის მასშტაბით.

კვლევა მიზნად ისახავს საზოგადოების აღქმისა და ინფორმირებულობის შეფასებას შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით: 

● ქართულ საზოგადოებაში არსებული მრავალფეროვნება; 

● უმცირესობებისა და მოწყვლადი ჯგუფების უფლებები; 

● დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის გავრცელების მასშტაბები ქართულ საზოგადოებაში და მათი გავლენა კონკრეტულ ჯგუფებზე; 
● დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ არსებული ეროვნული კანონმდებლობა;

● სამართლებრივი დაცვის მექანიზმები და მათი ეფექტურობა; 

● აღნიშნულ საკითხებზე სხვადასხვა აქტორის მუშაობა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^