
აუდიტის სახელმწიფო სამსახური "არა ნაცებს! არა ბოროტებას!" ბილბორდებთან დაკავშირებით მოკვლევას დაიწყებს. როგორც „ლიბერალს“ აუდიტის სამსახურში განუცხადეს, პირველ რიგში უნდა დადგინდეს ვისი ფინანსებით მოხდა ბილბორდების განთავსება, არის თუ არა ეს შემოწირულობა.
გუშინ, 18 ნოემბერს, თბილისში ახალი ბილბორდები გამოჩნდა წარწერით „არა ნაცებს! არა ბოროტებას“. ბილბროდებზე გამოსახულია ზურაბ ადეიშვილი, მეგის ქარდავა, გრიგოლ ვაშაძე, მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გვარამია, ვანო მერაბიშვილი, ბაჩო და დათა ახალაიები.
„ლიბერალს“ სალომე ზურაბიშვილის პრესსამსახურში განუცხადეს, რომ აღნიშნული ბილბორდები მათი დაკვეთით არ გაკეთებულა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ბილბორდების დამკვეთი „პატრიოტთა ალიანსია“, თუმცა „ლიბერალთან“ პარტიის პოლიტოკური საბჭოს აპარატის უფროსმა ირაკლი ჩიხრაძემ აღნიშნული ინფორმაცია არ დაადასტურა.
თბილისის არქიტექტურის სამსახურში კი „ლიბერალთან“ განაცხადეს, რომ აღნიშნული ბილბორდების განთავსებაზე პასუხისმგებელი კომპანია Outdoor.ge არის.