პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე ბრიფინგზე ჭარბვალიანობის საკითხზე მთავრობის ახალი ინიციატივა გააცნო ჟურნალისტებს.
მისი თქმით, 700 ათასი მოქალაქე იმყოფება ე.წ. შავ სიაში, რის გამოც მოკლებულია სრულფასოვანი საქმიანობის შესაძლებლობას.
„ამაზე ვსაუბრობდი მე, ჯერ კიდევ ფინანსთა მინისტრად მუშაობის პერიოდში და ახალი მთავრობის დამტკიცების დროსაც საქართველოს პარლამენტში და შემდეგ უკვე მთავრობის სხდომაზე დავდეთ პირობა, რომ წლის ბოლომდე გადავდგამდით პრინციპულ ნაბიჯებს ე.წ. შავი სიის პრობლემის მოსაგვარებლად.
მინდა გითხრათ, რომ მიმდინარეობდა ხანგრძლივი და რთული მოლაპარაკებები და მოხარული ვარ, რომ როგორც საბანკო, ასევე არასაბანკო სექტორის უდიდესმა ნაწილმა და მათ შორის ეგრეთ წოდებულმა სესხების ამომღებმა ბიუროებმა გაიზიარა ჩვენი პრინციპული პოზიცია, გამოიჩინა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და მივედით გადაწყვეტილებამდე, რომელიც შვებას მისცემს ასობით ათას ოჯახს.
მინდა, განვუმარტო საზოგადოებას, ე.წ. შავ სიაში დაფიქსირებული ვალების თითქმის 95% შედგება სესხებიდან, რომლის ძირი თანხა არ აღემატება 2000 ლარს. საუბარია 600 000-ზე მეტი მოქალაქის ფინანსურ ვალდებულებაზე, ბანკების, ონლაინ ორგანიზაციების თუ სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტების მიმართ, რომელიც ჯამში შეადგენს დაახლოებით მილიარდ ნახევარ ლარს. დღევანდელი გადაწყვეტილებით, ეს დავალიანება უნულდება ჩვენს მოქალაქეებს. აღსანიშნავია, რომ ამ კატეგორიაში შედის 150 ათასამდე სოციალურ დაუცველი და ათი ათასობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ჩვენი მოქალაქეები. მიმდინარეობს მუშაობა მოვალეთა რეესტრის ბაზებზე. ვალების განულების პროცესი დაიწყება 15 დეკემბერს და 31 დეკემბრამდე დასრულდება. 600 ათასი მოქალაქე და მათი ოჯახები 31 დეკემბრამდე გარანტირებულად ამოვა მოვალეთა რეესტრიდან და ვალების გარეშე შეხვდება ახალ წელს. "- განაცხადა ბახტაძემ.
პრემიერმა მადლობა გადაუხადა ფონდ „ქართუს“. მისი თქმით, რომ არა ფონდის მხარდაჭერა, ამ ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივის რეალიზება ვერ მოხდებოდა.