თბილისის საქალაქო სასამართლომ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, თაღლითობის მცდელობაში დამნაშავედ ცნო თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი თ.გ. და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
„წარდგენილი ბრალის თანახმად, თ. გ.-ს ბრალად ედებოდა თაღლითობის მცდელობა, ე.ი. სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების მცდელობა. საქმის მასალების თანახმად, 2018 წლის თებერვალში, თ. გ. შეხვდა მოქალაქეებს ე. ხ.-სა და ტ. ა.-ს, რომელთაც ნარკოდანაშაულისათვის ბრალდებული მათი ახლობლის შესახებ, კანონით გათვალისწინებული შეღავათის მიღებასთან დაკავშირებულ საკითხებში გარკვევა სურდათ. ბრალდებული თ. გ. ე.ხ.-ს დაპირდა, რომ მისთვის 7 000 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ, შეწყალების კომისია მის ახლობელს შეიწყალებდა. ერთ-ერთი შეხვედრისას, თ. გ. მოტყუებით დაეუფლა მოთხოვნილი თანხის ნაწილს - 3 500 აშშ დოლარს, რის შედეგადაც ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა იგი დააკავეს. ბრალდებულმა ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწია სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებს, ხოლო მოტყუებით დაუფლებული თანხა ლიფტის შახტაში ჩააგდო“,- ნათქვამია სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.