Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პროპორციული არჩევნები და დროებითი პრეზიდენტი - უსუფაშვილის შეთანხმების ფორმულა

20 ნოემბერი, 2018 14:50

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, „შენების მოძრაობის" ლიდერი დავით უსუფაშვილი წერილს ავრცელებს, რომელშიც ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამოსავლის გზების შესახებაა საუბარი:

სააკაშვილი რომ ქვეყნისთვის საზიანო ლიდერია, მე ეს 2004 წლის ივნისში დავასკვენი და მას შემდეგ ეს აზრი მხოლოდ მიმყარდებოდა. ცხადია, დღეს მისი სახელისუფლებო რევანში დაუშვებელია, მაგრამ რის ფასად? მტრულ ბანკებად გახლეჩილი საქართველოს ფასად? ზნეობის ელემენტარული ნორმების ფასად? საჯარო სამსახურის, სასამართლოს, პროკურატურის და უშიშროების პარტიის სამსახურში ჩაყენების ფასად? კერძო ბიზნესის პოლიტიკური მართვის ფასად? დემოკრატიული არჩევნების კომერციულ აუქციონად ქცევის ფასად?

და თუ ამ ფასს გადავიხდით, მაშინ რაღას გადავარჩენთ სააკაშვილისგან? ერთადერთს - ოცნების საოცნებო ყოფნას ხელისუფლებაში!

აი, ამ ვითარებაში, მეუბნებიან აქეთ-იქიდან, მაინც „ამას“ მიეცი ხმა, იმიტომ, რომ „იმას“ მეტის დაშავება შეუძლიაო... ანუ, ერთი და იმავე უფსკრულამდე გრძელი ბილიკით სიარული არჩიე მოკლე ბილიკით სიარულს და თავი ანებე ისეთი ბილიკის ძებნას, რომელიც ყველას ერთად გაგვიყვანს სამშვიდობოსო.  

მესმის, ასეთი ბილიკის ძებნას ყველა მოქალაქე ვერ შეერკინება მრავალი მიზეზის გამო. ამიტომ, ტრაგიზმით სავსე, მაგრამ გასაგები მოქალაქეობრივი პოზიციაა არჩევნებში მონაწილეობა და უფსკრულისკენ მიმავალი უფრო გრძლად მიჩნეული ბილიკისთვის მხარდაჭერა იმ იმედით, რომ იქნებ დრო მოვიგოთ რამე საშველის გამოჩენამდე.

მაგრამ მე, თუნდაც სასტიკად დამარცხებული, მაგრამ სახელმწიფოს გასაძღოლად ქართველი ხალხისთვის საკუთარი თავის შემთავაზებელი პოლიტიკოსი, ვალდებული ვარ, ბოლო წამამდე ვეძებო პოლიტიკური გამოსავლის ფორმულა და არ ჩავბარდე რომელიმე არასწორ მხარეს.

ასეთი ფორმულა ჯერ კიდევ მოიძებნება, თუკი მხარეები უმძიმესი საარჩევნო პროცესის ფინიშის სწორზე მაინც წამით შეჩერდებიან და გაიხსენებენ, რომ მომხდურ გარეშე მტერთან კი არა, ქვეყნის ბედ-იღბალზე ზიარი პასუხისმგებლობის მქონე ოპონენტთან აქვთ საქმე.

ასეთ შემთხვევაში, მმართველი პარტიის ლიდერი, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და საპრეზიდენტო კანდიდატები შეძლებდნენ ისეთ შეთანხმების მიღწევას, რომელიც ქვეყანას გაამაგრებდა, საზოგადოებას დაამშვიდებდა და პოლიტიკურ პროცესს აღმშენებლობით კალაპოტში გადაიყვანდა - პროპორციული არჩევნები, დროებითი პრეზიდენტი, მიუკერძოებელი სახელმწიფო ორგანოები:

  1. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგის მიუხედავად, 2019 წლის ოქტომბერში ჩატარდება ვდამდელი საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით;
  2. ვინც არ უნდა იქნეს პრეზიდენტად არჩეული, მისი მთავარი ამოცანა იქნება 2019 წლის ოქტომბერში ვადამდელი პროპორციული საპარლამენტო არჩევნების სამართლიანად და თავისუფლად ჩატარება, რის შემდეგაც იგი გადადგება;  
  3. კონფრონტაციული არჩევნების საბოლოო შედეგისადმი საზოგადოების ნდობის ასამაღლებლად სახელისუფლებო ქვედანაყოფები დაუყოვნებლივ გადავლენ არჩევნების თავისუფლების უზრუნველყოფის რეჟიმზე, რაზეც პრემიერ-მინისტრი აიღებს პერსონალურ პასუხისმგებლობას.  

*****************

რატომ ვადამდელი პროპორციული არჩევნები

ქვეყნის მთავარი პოლიტიკური პრობლემა „ოცნების“ ერთპარტიული, არაკვალიფიციური, ქაოტური და არაეფექტიანი მმართველობაა. ყველა სხვა პრობლემა, მათ შორის, ნაციონალების აღზევება, „ოცნების“ არასწორი პოლიტიკის შედეგია. ამგვარი პოლიტიკით „ოცნება“ რაც მეტად ებრძვის ნაცებს, მით მეტად სუსტდება თვითონ.  

„ოცნებამ“ უნდა გაიაზროს, რომ ნაცების რევანშის თავიდან ასაცილებლადაც, საკუთარი შიდა რეფორმებისთვისაც და ქვეყნის სხვა პრობლემებთან გასამკლავებლადაც აუცილებელია დაუყოვნებლივ გამოაცხადოს ერთპარტიული მმართველობის დასასრულის დასაწყისი - პროპორციული საპარლამენტო არჩევნები 2019 წლის ოქტომბერში.

„ოცნების“ ამ ნაბიჯმა ნაცმოძრაობას უნდა დაანახოს, რომ რევოლუციური მიწოლ-მოწოლით ძალაუფლების ერთპიროვნულად დაპატრონება არ გამოუვა და საპრეზიდენტო არჩევნების ნებისმიერი შედეგის შემთხვევაში მოუწევს სახელისუფლებო ცვლილების უკვე დასახულ, კონსტიტუციურ და სამართლიან გზაზე დადგომა.

ამის შემხედვარე დანარჩენმა საქართველომ კი (ასეთებიც ვარსებობთ...) შვებით უნდა ამოისუნთქოს, რადგან აღარ მოუწევს ხელისუფლების ჩაბარება „ძალიან ცუდისთვის“, რათა მას „ძალიან, ძალიან ცუდი“ არ დაეპატრონოს და შესაძლებელი გახდება დაბალანსებული, კოალიციური უმრავლესობის ფორმირება ერთი წლის შემდეგ.  

რატომ დროებითი პრეზიდენტი

უკანასკნელი პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნებით ვერ ვირჩევთ ყველას პრეზიდენტობის შემძლე, საზოგადოების გამაერთიანებელ სახელმწიფოს მეთაურს. არა იმიტომ, რომ რომელიმე კანდიდატი მოღალატეა. იმიტომ, რომ ორივე უკიდურესად ვიწრო პარტიულ, მეტიც, პრაქტიკულად პერსონალურ ჩარჩოში ჩაიკეტა: ერთი ივანიშვილის კანდიდატია, მეორე - სააკაშვილის. გარდა ამისა, მათ მოახერხეს „მეორე ნახევარი“ საქართველოსთვის სრულიად მიუღებელ ფიგურებად ჩამოყალიბება. მრავალ სხვა ლეგიტმურ პრეტენზიებთან ერთად, არჩევის შემთხვევაში, ეს რეალობა მოუცილებელ დაღად გაჰყვება ერთსაც და მეორესაც.

ეს მაშინ, როდესაც ქვეყანა ისედაც წელში წყდება სხვა  სახელმწიფო ინსტიტუტების სისუსტის გამო და ჰაერივით გვჭირდება გამაერთიანებელი, დამბალასებელი, ავტორიტეტული, მართლაც მრავალპარტიული ნდობის მქონე პოლიტიკური ფიგურა-პრეზიდენტი. 

გარდა ამისა, შექმნილი პოლიტიკური კრიზისი, რომელმაც საზოგადოება მტრულ პოლიტიკურ-მედია ბანაკებს შორის სამკვდრო-სასიცოცხლო შეტაკებამდე მიიყვანა, სწორედ ქვეყნის მომავალი პრეზიდენტის უმთავრესი სახელმწიფოებრივი სატკივარი და მოსაგვარებელი პოლიტიკური პრობლემა უნდა იყოს. ამიტომ იგი უნდა გამოვიდეს არაორდინარული პოლიტიკურ ინიციატივით, რომელიც განმუხტავს სახიფათო დაძაბულობას, გააჩენს სწორ გზაზე ქვეყნის მყარად დაყენების კალაპოტს და პირადად მასაც ჩამობანს საარჩევნო პროცესში მოცხობილ ლაქებს.

გასაგებია, რომ ასეთ შემთხვევაში ახალ პრზიდენტს ხალხი ვეღარ აირჩევს. მაგრამ რა გვირჩევნია, გვყავდეს ხალხის ერთი ნახევრის მიერ არჩეული, ხალხის მეორე ნახევრის მიერ საძულველ მოღალატედ შერაცხული, სინამდვილეში კი ერთი კაცის დანიშნული პრეზიდენტი თუ ნამდვილად ხალხის მიერ არჩეული მრავალპარტიული პარლამენტის მიერ არჩეული და მრავალპარტიული მხარდაჭერის მქონე პრეზიდენტი?

და თუ ერთ წელიწადში დავინახეთ, რომ „დიმიტრი გელოვანი“ აგვირჩევია პრეზიდენტად და არ გვცოდნია, კვლავ იგი აირჩიონ ხმოსნებმა...

რატომ მთავარი ყურადღება არჩევნების შედეგებისადმი ნდობაზე

სანამ საქართველოში სახელისუფლებო სისტემა არჩევნების მხარეა და არა არბიტრი, ჩვენ ჩვენივე ხელით ჩვენივე სახელმწიფოს საყრდენ ბურჯს ვანგრევთ, რაც არ შეიძლება გამართლებული იყოს არანაირი მიმდინარე პოლიტიკური კონიუნქტურით და უფრო დიდი საფრთხეების თავიდან აცილების ბუტაფორიული მოტივებით.

გარდა ამისა, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის კონტექსტში, ქვეყნის ინტერესებს ყველაზე დიდი საფრთხე შეექმნება სისტემური საარჩევნო დარღვევების ფონზე სახელისუფლებო კანდიდატის გამარჯვებით. ასეთ შემთხვევაში ხელისუფლება დაკარგავს ყოველგვარ მორალურ უპირატესობას და საპროტესტო-რევოლუციურ ტალღას შეექმნება სათანადო მუხტიც, ლეგიტიმაციაც და ასპარეზიც. ყველა სხვა შესაძლო სცენარი ამაზე ნაკლებ სახიფათოა, რადგან ოპოზიციის კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაშიც კი ხელისუფლება ინარჩუნებს კონსტიტუციურ და მორალურ ლეგიტიმაციას, ანუ შეუძლია პროცესების მართვა. 

ამრიგად, სახელმწიფოებრივი ცხოვრების ანა-ბანაც და კონიუნკტურულ-პოლიტიკური პრაგმატიზმიც იმაზე მიგვანიშნებს, რომ სახელისუფლებო სისტემა დაუყოვნებლივ და სრულად უნდა გადაერთოს არჩევნების სამართლიანობის უზრუნველყოფის ტალღაზე და არავის გაუჩინოს არჩევნების გაყალბების მტკიცებულება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^