აფხაზური მარილის - „აპირპილ-ჯიკასა“ და მეგრული აჯიკის მომზადების ტექნოლოგიას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ობიექტის/ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ამის შესახებ „ლიბერალს" კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში განუცხადეს.
სააგენტოს გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ „აპირპილ-ჯიკა“ მუქი წითელი-მოყავისფრო ფერის, კრემისებური, ცხარე მასაა, რომლის ძირითადი ინგრედიენტები წითელი ცხარე წიწაკა და მარილია. დღესდღეობით, ამ პროდუქტს, საქართველოში „აჯიკის“ სახელით იცნობენ, თუმცა აფხაზურად, აჯიკა, ანუ „аџьыка“, მარილს ნიშნავს, ხოლო წიწაკითა და სხვა სანელებლებით შეკმაზულ მარილს აფხაზეთში „აპირპილ-ჯიკას“ და/ან „აჯიკ-ცაცას“ უწოდებენ.
„აპირპილ-ჯიკას“ (ანუ, მარილი - „აჯიკა“ (аџьыка), წიწაკიანი მარილი - „აპირპილ-ჯიკა“ და შეკმაზული მარილი - „აჯიკ-ცაცა“) წარმოშობა ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად, აფხაზ მწყემსებთან არის დაკავშირებული. მისი პირველადი დანიშნულება - ქურდობის პრევენცია უნდა ყოფილიყო, კერძოდ, საქონლის მეპატრონეები პირუტყვის საძოვრებზე გაშვებამდე,მწყემსებს ცხოველების გამოსაკვებ მარილს აძლევდნენ (ეს უკანასკნელი, საქონელს მადას უღვიძებდა, შესაბამისად, ისინი მეტ წყალსა და მეტ საკვებს იღებდნენ, რაც მათ წონას მატებდა; ხოლო, გამომდინარე იქიდან, რომ იმ დროისათვის, მარილი საკმაოდ ძვირადღირებული პროდუქტი იყო და დაქირავებული მწყემსები მას იპარავდნენ ან თავად იყენებდნენ, მეპატრონეები „ცხვრის საგზალს”, ცხარე წიწაკას აყრიდნენ. თუმცა, წიწაკიანი მარილი მეცხვარეებისათვის უფრო საინტერესო აღმოჩნდა და დროდადრო, მათ თავადაც დაიწყეს სანელებლებისა და ბალახეულის დამატება", - ვკითხულობთ აღწერაში.
დღესდღეობით, „აპირპილ-ჯიკას“, უმეტესწილად, „აჯიკის“ სახელით იცნობენ, თუმცა, გარდა ისტორიული სახელის ცვლილებისა, თავდაპირველმა რეცეპტმა რიგი ცვლილებები განიცადა. დღეის მდგომარეობით „აპირპილ-ჯიკა“ უამრავი სხვადასხვა მეთოდით მზადდება, ფართოდ იყიდება კომერციულ ბაზარზე და აქტიურად გამოიყენება ადგილობრივ კულინარიულ კულტურაში. ახლაც, როგორც ადრე, ყველა ოჯახს თუ მზარეულს, თავისი რეცეპტი აქვს და ხშირად მას ასაიდუმლოებენ ხოლმე, რომ ინდივიდუალურ სპეციფიკად, ერთგვარ ოჯახურ ტრადიციად დარჩეს.