Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

EMC თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე კონტრტერორისტული ცენტრის უფროსის ინტერვიუს ეხმიანება

21 ნოემბერი, 2018 19:01

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) კონტრტერორისტული ცენტრის უფროსის, ირაკლი ჩიმაკაძის მიერ ,,კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ინტერვიუს ეხმიანება და უსაფრთხოების სამსახურს მოუწოდებს, დაიცვას უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპი და საკუთარი საქმიანობა კანონის ჩარჩოში მოაქციოს.

19 ნოემბერს ირაკლი ჩიმაკაძემ ინტერვიუში ისაუბრა სისხლის სამართლის საქმეში თემირლან მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ არსებულ მასალებზე. თქვა, რომ მაჩალიკაშვილის სახელზე ფიქსირდება ფულადი გზავნილები, მობილური ტელეფონის საგარანტიო ფურცლები, ასევე ჩატაევის მიერ მაჩალიკაშვილის სახელზე გაფორმებულ ნომერზე განხორციელებული ზარი. ამასთან ერთად, აღნიშნა, რომ ამერიკელი კოლეგების დახმარებით, აღდგენილ სატელეფონო მიმოწერაში ნათლად ჩანს, თუ როგორ თანაუგრძნობს მაჩალიკაშვილი თვითმკვლელ ტერორისტებს.

EMC-ის განცხადებაში წერია, რომ მსგავსი შინაარსის განცხადებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კვლავ აგრძელებს მაჩალიკაშვილის დისკრედიტაციას იმ პირობებში, როდესაც სამსახურს ტერორიზმის მხარდაჭერის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში არ გააჩნია რაიმე სამართლებრივი სტატუსი, ის არ იყო ბრალდებული, არ იყო დაკავებული და მის მიმართ არ მიმდინარეობდა სისხლისსამართლებრივი დევნა: „შესაბამისად თემირლანის დანაშაულებრივ ქმედებაზე მტკიცებით ფორმაში საუბარი და კონკრეტულ ინფორმაციაზე მითითება, მაშინ როდესაც ოჯახის წევრებსა და მათ ადვოკატებს მათი ვალიდურობის შემოწმების, გაბათილებისა და საკუთარი თავის დაცვის საშუალებაც კი არ ეძლევათ, არღვევს უდანაშაულობის პრეზუმფციის კონსტიტუციურ პრინციპს.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ დრომდე თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახისთვის და ადვოკატებისთვის, უცნობია ტერორიზმის მხარდაჭერის საქმეზე მიმდინარე გამოძიების საქმის მასალები ჩვენი არაერთი მიმართვის და ყოფილი მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის დაპირების მიუხედავად, საქართველოს მთავარი პროკურატურა ამ დრომდე არ გვაძლევს შესაძლებლობას გავეცნოთ აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის მასალებს და შევამოწმოთ მოიცავს თუ არა საქმე თემირლან მაჩალიკაშვილის ბრალეულობის დამადასტურებელ რეალურ და ვალიდურ მტკიცებულებებს. ამის პარალელურად კი ჩანს, რომ სუსი აგრძელებს გამოძიებას უშუალოდ თ. მაჩალიკაშვილის პასუხისმგებლობის ნაწილში და EMC-ის არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, პროკურატურა არ უზრუნველყოფს შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებას და გამოძიების შეწყვეტას ამ ნაწილში.

ამასთან მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას იმ გარემოებას, რომ ბატონი ჩიმაკაძის მიერ დასახელებული ინფორმაცია გარდა იმისა, რომ მათი ვალიდურობა და მტკიცებულებითი მნიშვნელობა სათანადო და კრიტიკულ შემოწმებას მოითხოვს, მთლიანობაში არ უთითებს თ. მაჩალიკაშვილის მხრიდან დანაშაულებრივი ქმედების განხორციელებაზე. ამ დრომდე სუს-ის მიერ პირდაპირ თუ არაპირდაპირ გავრცელებული ინფორმაცია არ აჩვენებს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილმა იცოდა ან უნდა სცოდნოდა, რომ დაკავებული და გარდაცვლილი პირები, შ. ბორზიევი და ა. სოლტახმადოვი, რომლებიც 2 წლის განმავლობაში საქართველოში ცხოვრობდნენ და პანკისის ხეობას ასევე ხშირად სტუმრობდნენ, აჰმედ ჩატაევთან დაკავშირებული პირები იყვნენ. მეტიც, გავრცელებულ ფრაგმენტულ მასალებში სუს საერთოდ ვერ ახერხებს დაამტკიცოს, რომ თ. მაჩალიკაშვილმა იცოდა ა. ჩატაევის საქართველოში ყოფნის შესახებ. ცოდნის ელემენტი, რომ ეს პირები იყვნენ დაკავშირებული ტერორისტულ ორგანიზაციასთან ან ტერორისტთან დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი (სუბიექტური) ასპექტია და მის გარეშე დანაშაული სახეზე ვერ გვექნება. ამ კუთხით როგორც საზოგადოებისთვის არა ერთხელ იქნა განმარტებული თ. მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებისა და სხვა პირების მიერ, თ. მაჩალიკაშვილი და ხეობაში მცხოვრები სხვა ადამიანები შ. ბორზიევსა და ა. სოლტახმადოვს სხვა ვინაობით იცნობდნენ და მათი მიზნების შესახებ არაფერი იცოდნენ. შესაბამისად, ყოველდღიური ურთიერთობების ფარგლებში დამყარებული კომუნიკაციის ამსახველი ფაქტების ჩვენება დანაშაულის არსებობაზე per se არ უთითებს.

ამასთან კიდევ ერთხელ გვინდა ხაზი გავუსვათ, ხელყუმბარაზე დნმ-ის კვალის აღმოჩენის საკითხს, რომელიც ასევე ხაზგასმული იყო ი. ჩიმაკაძის ინტერვიუში. როგორც EMC-მა არა ერთხელ განმარტა, ხელყუმბარაზე იდენტიფიკაციისთვის საჭირო მასალის არასაკმარისობის გამო არ იქნა აღმოჩენილი თ. მაჩალიკაშვილის თითის ანაბეჭდი, თუმცა დაფიქსირდა მისი დნმ-ის კვალი. თუმცა, იმ პირობებში, როდესაც სპეცოპერაციის შემდეგ თ. მაჩალიკაშვილის ოთახზე და სხეულზე რამდენიმე საათის განმავლობაში სრული კონტროლი სუს-ის თანამშრომლებს ჰქონდათ და მათ ოჯახის წევრების ან სხვა დამოუკიდებელი დამსწრეების დაშვებაც კი არ უზრუნველყვეს შემთხვევის ადგილზე, ამასთან იმის გამო, რომ გამოძიების ინსტიტუციური დამოუკიდებლობის პრინციპის სრული უგულებელყოფით, საქმისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულებების ჩხრეკა და ამოღება სუს-ის მიერ განხორციელდა, ამ მოცემულობაში და ამ წესით ამოღებული  მტკიცებულებების ვალიდურობა და სანდოობა არსებითად კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. ამასთან კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ თ. მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმესთან დაკავშირებული არსებითი და გადამწყვეტი მტკიცებულებების განადგურების ან დაზიანების პრობლემაზე. სუს-მა გამოძიების პირველივე თვეს ხელყუმბარა მისი შემოწმების მიზნით ააფეთქა, იმ ცეცხლსასროლი იარაღის მნიშვნელოვანი ნაწილი კი, საიდანაც სროლა განხორციელდა თვითნებურად შეცვალა სროლის განმახორციელებელმა სპეცრაზმელმა. თ. მაჩალიკაშვილისთვის ჩატარებული ოპერაციის დროს კი დაზიანების კვალის დოკუმენტირება სათანადოდ არ მოხდა, რის გამოც მთლიანობაში გართულდა სროლის მანძილის განსაზღვრა.

ამდენად იმ პირობებში, როდესაც თ. მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე სახელმწიფოს ნეგატიური და პროცესუალური/გამოძიების ვალდებულებების საკითხი კრიტიკულად დგას, ერთი წლის განმავლობაში ადამიანის უფლებების სტანდარტების დარღვევით და სამართლებრივი პროცესის მიღმა სუს-ის მიერ თ. მაჩალიკაშვილის დამნაშავედ წარმოჩინების მცდელობა აზიანებს მისი და მისი ოჯახის ღირსებას, მათი დეჰუმანიზების მცდელობაა და არსებითად თ. მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის პრობლემის გადაფარვის მცდელობაა.

ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ

  • საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს თავი შეიკავონ თ. მაჩალიკაშვილისა და მისი ოჯახის წევრების დისკრედიტაციისგან და უზრუნველყონ უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის განუხრელი დაცვა;
  • საქართველოს მთავარმა პროკურატურამ უზურნველყოს თ. მაჩალიკაშვილის მიმართ შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღება და გამოძიების შეწყვეტა;
  • საქართველოს მთავარ პროკურატურამ უზრუნველყოს თ. მაჩალიკაშვილის საქმეზე ეფექტიანი, დროული და დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარება და დამნაშავე პირების გამოვლენა და დასჯა", - წერია არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაში.

EMC იცავს და წარმოადგენს მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრების ინტერესებს ადგილობრივი გამოძიებისა და ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^