
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ წერილობით გააფრთხილა, ხოლო ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივს“ ფინანსური ჯარიმა დააკისრა.
როგორც კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სამაუწყებლო კომპანია ,,რუსთავი 2“-მა ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებამდე და საპრეზიდენტო არჩევნების მერე ტურის დანიშვნამდე ეთერში წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამა განათავსა, მაუწყებელს კანონით პოლიტიკური რეკლამის განთავსების უფლება არ ჰქონდა, ვინაიდან ცესკოს მიერ ჯერ არ იყო დადგენილი მეორე ტურში რომელი საარჩევნო სუბიექტები გადავიდნენ და როდის ჩატარდებოდა არჩევნები. რაც შეეხება „მედია -კავშირ ობიექტივს“, მათივე ცნობით, მაუწყებელმა ეთერში სოციალური რეკლამის სტატუსით პოლიტიკური შინაარსის რეკლამა განათავსა, რითაც მაუწყებლობის შესახებ კანონი დაარღვია.
„საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 105-ე მუხლის თანახმად, თუ არჩევნების პირველ ტურში ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო ხმათა საჭირო რაოდენობა, ინიშნება არჩევნების მეორე ტური, რომელსაც განკარგულებით ნიშნავს ცესკო. მაუწყებლებს, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებამდე და მერე ტურის დანიშვნამდე პოლიტიკური რეკლამის განთავსების უფლება არ ჰქონდათ 2018 წლის 30 ოქტომბერს კომისიის მიერ გაგზავნილი წერილით ეცნობათ“,- ვკითხულობთ განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ ჩატარებულმა მედია მონიტორინგმა გამოავლინა, რომ 2018 წლის 10 და 11 ნოემბერს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-მა ეთერში წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამები განათავსა, რომლებიც საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის არჩევნებისთვის მხარდაჭერას და პრეზიდენტობის ერთ -ერთი კანდიდატის არჩევნისთვის ხელის შეშლას ემსახურებოდა.
მათივე ცნობით, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ ჩატარებულმა მედია მონიტორინგმა ასევე გამოავლინა, რომ 2018 წლის 7 ნოემბერს ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ ეთერში სოციალური რეკლამის სახით განთავსდა პოლიტიკური შინაარსის რეკლამა, სარეკლამო რგოლებში ისმოდა მოწოდება დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერის შესახებ, ხოლო ერთ-ერთი რგოლი მიმართული იყო სხვა საპრეზიდენტო კანდიდატის არჩევის ხელის შეშლისკენ.