სირიაში, იდლიბის პროვინციაში ცნობილი რადიოწამყვანი და სამოქალაქო აქტივისტი რაედ ფარესი მოკლეს. ჟურნალისტს ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით, პატარა ქალაქ კაფრანბელში შეიარაღებული პირები დაესხნენ თავს.
ფარესმა მეამბოხეების კონტროლქვეშ მყოფ რეგიონში დამოუკიდებელი რადიოსადგური Fresh დააფუძნა. თუმცა, იმის მიუხედავად, რომ ფარესის რადიო ჯიჰადისტების ტერიტორიიდან მაუწყებლობდა, ის ასადის რეჟიმთან ერთად მეამბოხე ისლამისტებსაც აქტიურად აკრიტიკებდა.
ფარესის რადიო 2014 წელს „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა დაარბიეს, 2016 წელს კი ფარესი ალ-ქაიდასთან დაახლოებულმა დაჯგუფებამ „ნუსრას ფრონტმა“ დააკავა. ამის მიუხედავად ფარესს საქმიანობა არ შეუწყვეტია. ჟურნალისტის თქმით, მისი მიზანი იყო დამოუკიდებელი ყოფილიყო ყველა პოლიტიკური თუ სამხედრო დაჯგუფებისგან და მხოლოდ ხალხისთვის ებრძოლა.