ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი დეიმონ უილსონი რუსეთის მიერ უკრაინულ გემებზე თავდასხმას საქართველოში რუსეთის პოლიტიკას ადარებს.
„მოსკოვის ეტაპობრივი მიდგომა „მცოცავი ოკუპაციის" მსგავსია, რომელიც საქართველოში 2008 წელს ვიხილეთ - ცალკეული ნაბიჯები არ ჩანს დრამატული, თუმცა მთლიანობაში რუსეთი სტრატეგიულად იგებს. რუსეთის მიერ დღეს გადადგმული ნაბიჯების მიზანია, უკრაინა აიძულოს, უარი თქვას ამ საერთაშორისო წყლებსა და მის პორტებზე" - ამბობს უილსონი.
მისი თქმით, „რუსეთი თვეების განმავლობაში ცდილობდა აზოვის ზღვის მითვისებას, უკრაინის აღმოსავლეთ პორტების მოწყვეტისა და ყირიმში მოსკოვის კონტროლის გაძლიერების მიზნით".
ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრის დირექტორი ჯონ ჰერბსტი კი ამბობს, რომ მოსკოვი საქართველოს წინააღმდეგ პროვოკაციებს წლების განმავლობაში მიმართავდა.
„სამხედრო თვითმფრინავების ფრენა, ჭურვების საქართველოს ტერიტორიაზე ჩამოყრა, სროლა შიდა სადემარკაციო ხაზის ტერიტორიაზე, რომელიც დანარჩენ საქართველოს რუსული ჯარებით დასახლებული ტერიტორიისგან ყოფს. ასეთი სროლები 2008 წლის ომით დასრულდა" - თქვა ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრის დირექტორმა, ჯონ ჰერბსტმა.
უკრაინის საზღვაო ძალების ინფორმაციით, ქერჩის სრუტეში რუსულმა მხარემ მათ გემებს ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც ექვსი მეზღვაურია დაჭრილი. ამის გამო პრეზიდენტმა პოროშენკომ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.
გაეროს უშიშროების საბჭო დღეს უკრაინის საკითხზე საგანგებო სხდომას გამართავს. ამის შესახებ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე გაეროში აშშ-ის ელჩმა ნიკი ჰეილიმ დაწერა.