სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ დაჯარიმების მოთხოვნით საქალაქო სასამართლოს მიმართა.
როგორც აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ანგარიშშია ნათქვამი, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ მიერ დაბეჭდილი ბროშურების ღირებულება 15 295 ლარი აუდიტის სამსახურმა მიიჩნია სალომე ზურაბიშვილის სასარგებლო აკრძალულ შეწირულობად.
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 342 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად სამსახურის მიერ შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც გადაგზავნილია თბილისის საქალაქო სასამართლოში კანონით განსაზღვრული ორმაგი ოდენობის ჯარიმის დაკისრების მიზნით.
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ სააგიტაციო ბროშურების ბეჭდვის შესახებ აუდიტის სამსახურს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მიმართა.
როგორც ანგარიშშია ნათქვამი, სულ საარჩევნო პერიოდში შესული საჩივრებისა და სამსახურის მიერ განხორციელებული მედია მონიტორინგის შედეგად 11 საქმეზე დაიწყო ადმინისტრაციული საქმისწარმოება: დასრულებულია წარმოება 4 საქმეზე, აქედან, 1 საქმეზე შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. 7 საქმეზე მიმდინარეობს დამატებითი ინფორმაციის მოძიება და შესაბამისი სამართლებრივი და პროცედურული მოქმედებების გატარება.