გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის თქმით, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბის წევრები მის პირად ცხოვრებაში შეჭრას ცდილობენ. ვაშაძის თქმით, მის ოპონენეტებს წინასაარჩევნო კამპანიაში შვილების ჩათრევა სურთ.
საპრეზიდენტო კანდიდატმა მადლობა გადაუხადა ნიკა გვარამიასაც, რომელმაც მას შემდეგ რაც თეიმურაზ გორჯესტანმა გრიგოლ ვაშაძის შვილი დებატებში გამოიწვია, თქვა, რომ ნოდარ ვაშაძე შშმ პირია და მისი დებატებში გამოწვევისთვის სალომე ზურაბიშვილის ვაჟი გააკრიტიკა.
„მიფოფხავენ ჩემს პირად ცხოვრებაში და რატომღაც ცდილობენ წინსაარჩევნო კამპანიაში ჩემი შვილები ჩარიონ ამ „ძალიან ევროპელებმა“. ისეთმა ევროპელებმა, მეტი რომ არ შეიძლება. ჩვენ ხომ საზიზღარი პოსტსაბჭოთა პროვინციელები ვართ და ესენი ძალიან ევროპელები არიან. ცდილობენ, რომ შვილები ჩარიონ კამპანიაში.
ნიკა, ძალიან დიდი მადლობა შენ ყველაფრისთვის. მიუხედავად იმისა, რომ შენ ყველა დეტალი იცი ჩემს შვილებსა და ოჯახზე, დეტალებში არ შეხვედი და დიდი მადლობა. თუმცა, ძალიან სწორი იყო, ის რაც შენ თქვი“, - თქვა გრიგოლ ვაშაძემ „კვირის აქცენტებში“.
თეიმურაზ გორჯესტანმა ნოდარ ვაშაძე დებატებში 21 ნოემბერს გამოიწვია. „მე აქ ვარ, სამ დღეში ქეთევანი პარიზიდან ჩამოდის, მე ლონდონიდან ჩამოვედი და კითხვა მაქვს, ნოდარ ვაშაძე სად არის? მოსკოვში? არ ვიცი, მაგრამ, ერთი შეთავაზება მაქვს. ჩვენ კითხვებს ვპასუხობთ, გამოვდივართ ტელევიზორში, რომ გაგვიცნოთ და იცოდეთ, როგორც ამომრჩევლებმა, თუ ვინ არის სალომე ზურაბიშვილის ოჯახი, ვინ არიან მისი შვილები. მე ვარ დაინტერესებული, ვინ არის გრიგოლ ვაშაძის უფროსი ვაჟი“, - თქვა გორჯესტანმა.
სალომე ზურაბიშვილის ვაჟის განცხადებას გამოეხმაურა ნიკა გვარამია. „რუსთავი 2-ის“ გენერალურმა დირექტორმა გორჯესტანის განცხადება გააკრიტიკა და თქვა, რომ ნოდარ ვაშაძე ვერ მიიღებს ვერც ერთ დებატებში მონაწილეობას და ამის განხილვა მისი მხრიდან უხერხული იქნებოდა.
სალომე ზურაბიშვილის შვილი, თეიმურაზ გორჯესტანი გრიგოლ ვაშაძის შვილს დებატებში იწვევს