
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინტერნეტში გავრცელებული ფოტოს შესწავლა დაიწყო, რომლის თანახმადაც, სავარაუდოდ ქობულეთის მუნიციპალიტეტის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს არჩევნებში ხმის სალომე ზურაბიშვილისთვის მიცემისკენ მოუწოდებს. „ნუ შეიქმნიან პრობლემას" - წერია ფოტოზე, რომელიც სავარაუდოდ ჯონი უჯმაჯურიძის მიერ გაგზავნილ SMS-ს ასახავს.
შეტყობინების ამსახველი ფოფო Facebook-ზე დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლევან ხაბეიშვილმა გაავრცელა.
მისი თქმით, SMS-ის ავტორი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის არაფორმალური განათლებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ჯონი უჯმაჯურიძეა.
„გამარჯობა! თქვენთან, სამსახურში, გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ თქვენს თანამშრომლებს. ყველანი მივიდნენ არჩევნებზე და რა თქმა უნდა ხმა მისცენ 48-ს. ნუ შეიქმნიან პრობლემას. ჯონი" - წერია ფოტოზე ასახულ შეტყობინებაში.
„ლიბერალმა" უჯმაჯურიძესთან დაკავშირება არაერთხელ სცადა, თუმცა იგი ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.
შსს-ში „ლიბერალს" უთხრეს, რომ შეტყობინების ავთენტურობა ჯერჯერობით დადასტურებული არ არის, თუმცა სამინისტრომ მისი შესწავლა დაიწყო.