„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენელის სულხან სალაძის თქმით, მათ აქვთ ინფორმაცია, რომ, სავარაუდოდ, სალომე ზურაბიშვილის ამომრჩეველმა დავალება მიიღო, რომ ხმის მიცემის დღეს კაბინიდან გახსნილი ბიულეტენით გამოვიდეს.
კერძოდ, სულხან სალაძე ამბობს, რომ, მათი ინფორმაციით, ამომრჩეველს უთხრეს, რომ კაბინაში ხმის მიცემის შემდეგ საარჩევნო ყუთამდე გახსნილი ბიულეტენით მისულიყვნენ. მისი თქმით, აღნიშნული ამომრჩევლის ნებაზე კონტროლის მცდელობაა.
„პირველ ტურში, შედარებისთვის რომ ავიღოთ, ამ დროის მონაცემებით ამდენი ფაქტი არ გვქონდა. საუბარია ხმის მიცემის ფარულობაზე და ამომრჩევლის ნების კონტროლზე.
როცა ამომრჩეველი შედის უბანში, გაივლის ყველა პროცედურას, ის გამოდის კაბინიდან, ბიულეტენი არ არის გადაკეცილი და გარკვეულ პირებს აქვთ საშუალება, ნახონ თუნდაც დისტანციურად.
გვქონდა ინფორმაცია, რომ გურჯაანში იგეგმებოდა ასეთი ფაქტები. ყველა დამკვირვებელს ვთხოვეთ, რომ ყურადღება მიექციათ მსგავსი ფაქტებისთვის.
საყურადღებოა ის, რომ ორ შემთხვევაში მოვახდინეთ იდენტიფიცირება, თუ ვის აჩვენეს ბიულეტენები. რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, საუბარია სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე. ახმეტის მე-4 უბანზე“ადვოკატთა და იურისტთა ობსერვატორიის” დამკვირვებლებს აჩვენეს ბიულეტენი; გურჯაანის მე-19 უბანზე “კავშირი 21-ე საუკუნის” დამკვირვებელს“, - განაცხადა სულხან სალაძემ.