„სამართლიანი არჩევნების" ინფორმაციით, ამ დროისთვის, კომისიებში წარდგენილი აქვთ 10 საჩივარი, ხოლო საოლქო კომისიებში - 5 საჩივარი. ორგანიზაციის განმარტებით, საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა. ორგანიზაციის დამკვირვებლებმა ასევე დააფიქსირეს წილისყრის წესის და სხვა პროცედურების დარღვევები.
დეტალური ინფორმაცია PVT-ის შედეგებზე დაყრდნობით
„სამართლიანმა არჩევნებმა“ უბნის გახსნის პროცესის შესახებ ინფორმაცია PVT-ის დამკვირვებლის 100%-სგან მიიღო.
ორგანიზაციის ყველა დამკვირვებელს (100%) უბანზე შეუზღუდავად დაკვირვების განხორციელების საშუალება მიეცა, რაც სტატისტიკურად პირველი ტურის მონაცემების მსგავსია (99.8%).
პირველი ამომრჩევლის მისაღებად 08:00 საათისთვის საარჩევნო უბნების 99.7% იყო მზად, რაც მნიშვნელოვნად არ განსხვავდება საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის მონაცემისგან (98.5%).
უბნის გახსნასა და მოწყობის პროცესთან დაკავშირებული დარღვევები დაფიქსირდა საარჩევნო უბნების 0.9%-ზე, რაც მცირედ გაუმჯობესებას წარმოადგენს არჩევნების პირველ ტურთან შედარებით (2.2%).
დარღვევები:
ამ დროისთვის „სამართლიანი არჩევენების“ დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა შემდეგი სახის დარღვევები:
ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა
- #12 გურჯაანის საარჩევნო ოლქის #26 საარჩევნო უბანზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები: ლელა შანყულაშვილი და ზურაბ ხანდამაშვილი (მერის ძმა) საარჩევნო კაბინიდან გამოსულ ამომრჩევლებს უმოწმებენ საარჩევნო ბიულეტენში თუ რომელი კანდიდატი აქვთ შემოხაზული. აღნიშნული ფაქტის გაპროტესტების შემდგომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი უბნიდან გააძევეს. აღნიშნული პირები ასევე ერევიან საუბნო კომისიის საქმიანობაში და კომისიის თავმჯდომარეს აძლევენ კონკრეტულ მითითებებს.
- #12 გურჯაანის საარჩევნო ოლქის #43 საარჩევნო უბანზე ამომრჩევლები ხმას აძლევენ საარჩევნო კაბინაში შეუსვლელად, ხოლო იმ ამომრჩევლებს, რომლებიც კაბინაში აძლევენ ხმას, საარჩევნო ბიულეტენები გამოაქვთ ისე, რომ შესაძლებელია გაირკვეს თუ ვის მისცეს ხმა.
- #57 ტყიბულის საარჩევნო ოლქის #2 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა ხმა მისცა საარჩევნო კაბინის გარეთ.
არაუფლებამოსილი პირი უბანზე
- #58 წყალტუბოს საარჩევნო ოლქის #55 საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა პოლიციელი (ფორმით), რომელიც არ იყო ამომრჩეველი და არ ქონდა უბანზე ყოფნის უფლება. აღნიშნული პირი უბნის ტერიტორიაზე მობილური ტელეფონით იღებდა ფოტო-სურათებს. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლის მითითებით, პოლიციელმა შეწყვიტა ფოტოების გადაღება და დატოვა უბანი. მოცემულ ფაქტზე კომისიის თავმჯდომარეს არ მოუხდენია რეაგირება.
დამკვირვებლის უფლების შეზღუდვა
- #61 ლანჩხუთის საარჩევნო ოლქის #20 საარჩევნო უბანზე და #84 ხულოს საარჩევნო ოლქის #13 საარჩევნო უბანზე დამკვირვებლებს გარკვეული დროის განმავლობაში პრობლემა შეექმნათ, ვინაიდან კომისიის განცხადებით მათ აკრედიტაციას ვადა ჰქონდა გასული. „სამართლიანი არჩევნების“ მიერ საოლქო საარჩევნო კომისიისთვის მიმართვის შემდეგ პრობლემა აღმოიფხვრა.
უბნის დაგვიანებით გახსნა
- #24 დმანისის საარჩევნო ოლქის #30 საარჩევნო უბანი 20 წუთის დაგვიანებით გაიხსნა, რადგან უბანზე არ ჰქონდათ ბეჭდის მელანი.
საკონტროლო ფურცლის არასწორად მოთავსება ყუთში
- #16 ყვარლის საარჩევნო ოლქის #14 საარჩევნო უბანზე საკონტროლო ფურცელი პირველი ამომრჩევლის მოსვლამდე მოათავსეს საარჩევნო ყუთში.
წილისყრის წესის დარღვევა
- #81 ქობულეთის საარჩევნო ოლქის #3, #11 და #62 საარჩევნო უბნებზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ მიერ დანიშნულმა კომისიის წევრებმა უარი თქვეს გადასატანი ყუთის გამყოლი კომისიის წევრების შესარჩევ წილისყრაში მონაწილეობაზე.
- #69 ჩხოროწყუს საარჩევნო ოლქის #2 საარჩევნო უბანზე კომისიის წევრმა უარი განაცხადა გადასატანი ყუთის გამყოლი კომისიის წევრის შერჩევის წილისყრაში მონაწილეობაზე.
- #79 ბათუმის საარჩევნო ოლქის #25 საარჩევნო უბანზე კომისიის თავმჯდომარემ ერთ-ერთ კომისიის წევრს წილისყრაში არ მიაღებია მონაწილეობა, რაზეც ეს უკანასკნელიც დაეთანხმა.
- #67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #59 საარჩევნო უბანზე „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ დანიშნულმა კომისიის წევრმა უარი განაცხადა ნებისმიერი სახის ფუნქციის შესრულებაზე.
- #30 კასპის საარჩევნო ოლქის #5 საარჩევნო უბანზე კომისიის წევრმა ორსულობის გამო უარი განაცხადა წილისყრით მინიჭებული ნაკადის მომწესრიგებლის ფუნქციის შესრულებაზე და მას რეგისტრატორის ფუნქციის შესრულება დაეკისრა წილისყრის გარეშე.
უბანზე ყოფნის წესის დარღვევა
- #67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #51 საარჩევნო უბანზე შემოსულმა პირმა, რომელსაც ჰქონდა აკრედიტაციას, შესაბამისი წესით რეგისტრაცია არ გაიარა", - წერია „სამართლიანი არჩევნების" მიერ განვრცელებულ განცხადებაში.