კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქალაქ ლაგოდეხში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს, - ამის შესახებ „ლიბერალს" შსს-ში განუცხადეს.
შსს-ს თქმით, სამართალდამცველებმა მომხდარიდან რამდენიმე წუთში შეაჩერეს 1997 წელს დაბადებული ი.გ., რომელმაც ქალაქ ლაგოდეხში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ სასტარტო იარაღიდან ჰაერში რამდენჯერმე გაისროლა.
„პოლიციამ იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო. აღნიშნული პირი საგამოძიებო მოქმედებების მიზნით პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს", - აცხადებენ შსს-ში.
---
„ნაციონალური მოძრაობის" წევრის, გურამ კაკალაშვილის თქმით, მმართველი გუნდის მხარდამჭერები არჩევნების წინასწარ შედეგებს ზეიმობდნენ და მანქანებით გადაადგილდებოდნენ, როდესაც მათი მისამართით ისროლეს.
კაკალაშვილის თქმით, სამი გასროლა იყო, თუმცა შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
„ლაგოდეხში წააგეს და რას ზეიმობენ, მაინტერესებს, თუმცა მანქანებით გადაადგილდებოდნენ და სწორედ ამ დროს გაისროლეს ჩვენი ოფისის მისამართით. სამი ტყვიაა ნასროლი. ამ ამბავს ბოლომდე ჩავყვებით. ეს არ არის უბრალო კრიმინალური შემთხვევა, ეს პოლიტიკური დაპირისპირებაა. გამოვიძახეთ პოლიცია, ველოდებით რას იტყვიან", - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გურამ კაკალაშვილმა.