დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სულ შვიდი საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა და მოსახლეობამ ხუთი პრეზიდენტი აირჩია.
I. ზვიად გამსახურდია - პირველი არჩევნები 1991 წელს გაიმართა და სწორედ ამ წლის მონაცემები აჭარბებს ყველა პარამეტრით სხვა არჩევნების შედეგებს. დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია გახდა და მან ხმების 87,03% მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ მას 2 565 362-მა ადამიანმა დაუჭირა მხარი. რეკორდული იყო არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობაც. მათი აქტივობა 82,84% იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ არჩევანი 2 978 247-მა ადამიანმა გამოხატა. აღსანიშნავია, რომ 1989 წლის საყოველთაო აღწერის მიხედვით, საქართველოში 5 400 800 ადამიანი ცხოვრობდა.
II. ედუარდ შევარდნაძე (პირველი ვადით) - შემდეგი საპრეზიდენტო არჩევნები 1995 წელს გაიმართა და მასში ედუარდ შევარდნაძემ 74,04%-ით გაიმარჯვა - მას მხარი 1 589 909 მოქალაქემ დაუჭირა. არჩევნებში სულ 2 139 369 ადამიანი მონაწილეობდა, შესაბამისად, ამომრჩეველთა აქტივობა 68,86% იყო.
ედუარდ შევარდნაძე (მეორე ვადით) - საქართველოს მეორე პრეზიდენტმა 2000 წელს გამართულ არჩევნებშიც გაიმარჯვა. მეორე ვადით არჩევისას მას 1 870 311-მა ამომრჩეველმა, ანუ 79,04%-მა დაუჭირა მხარი. მონაწილეთა საერთო რაოდენობა - 2 343 176 რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 75,86% იყო.
III. მიხეილ სააკაშვილი (პირველი ვადით) - საქართველოს მესამე პრეზიდენტის არჩევნები (რიგგარეშე) 2004 წელს გაიმართა. მასში მიხეილ სააკაშვილმა 1 890 739 ხმით გაიმარჯვა, ანუ ამომრჩევლის 96,24%-მა დაუჭირა მხარი. არჩევნებში სულ 1 963 556-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
მიხეილ სააკაშვილი (მეორე ვადით) - სააკაშვილი მეორე ვადით 2008 წელს, ასევე რიგგარეშე არჩევნებზე აირჩიეს. მან ხმების 53,47% მიიღო, ანუ მხარი სულ 1 060 042-მა ადამიანმა დაუჭირა. კენჭისყრაში მონაწილეობა კი სულ 1 982 318-მა ამომრჩეველმა მიიღო, ანუ აქტივობა 56,62% იყო.
IV. გიორგი მარგველაშვილი - საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის არჩევნები 2013 წელს გაიმართა. ბიძინა ივანიშვილის „ქართული ოცნების" კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა 1 012 569 ხმა მიიღო, ანუ 62,12%-მა დაუჭირა მხარი. რაც შეეხება აქტივობას, მონაწილეობა სულ 1 660 976-მა ადამიანმა მიიღო(46,95%).
V. სალომე ზურაბიშვილი - ასევე, ბიძინა ივანიშვილის „ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა 2018 წლის 28 ნოემბერს გამართული არჩევნების მეორე ტურში 1 147 627 ხმა მიიღო, ანუ მას მხარი ამომრჩეველთა 59,52%-მა დაუჭირა. კენჭისყრაში სულ 1 921 260 ადამიანი მონაწილეობდა, ანუ ამომრჩეველთა აქტივობა 56% იყო.
საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ხმების 50% ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო. მაშინ სალომე ზურაბიშვილს მხარი 38,64%-მა, ანუ 615 572-მა მოქალაქემ დაუჭირა. თუმცა მეორე ტურისგან განსხვავებით, ნაკლები იყო როგორც რეგისტრირებულ ამომრჩეველთა, ასევე კენჭისყრაში მონაწილეთა რაოდენობა. კერძოდ, პირველ ტურში საკუთარი არჩევანი სულ 1 637 956-მა ადამიანმა დააფიქსირა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 46,74% იყო.