საერთაშორისო დამკვირვებლებმა არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით წინასწარი დასკვნა წარმოადგინეს. მათი თქმით, საჩივრების განხილვის პროცესი მოკლებული იყო მათი შინაარსის/არგუმენტაციის სათანადო განხილვას.
„პირველსა და მეორე ტურს შორის პერიოდში საოლქო საარჩევნო კომისიებში წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების წესების დარღვევის შესახებ და საუბნო საარჩევნო კომისიების უბნის წევრების/ხელმძღვანელი პირების ადგილზე არყოფნასთან დაკავშრებით 54 საჩივარი შევიდა. 8 საჩივარი არ დაკმაყოფილდა არასაკმარისი მტკიცებულების გამო. 46 საჩივრის განხილვა კი ახლაც მიმდინარეობს. ცესკოში სამი საჩივარი შევიდა: მათ შორის ორი წინასაარჩევნო კამპანიის წესების თაობაზე და ერთი სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო კანდიდატად რეგისტრაციის თაობაზე. ეს უკანასკნელი არ დაკმაყოფლდა საჩივრის წარდგენის ვადის დარღვევის გამო, აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრების შემდეგ ძალაში დარჩა“, - წერია დასკვნაში.
მათი თქმით, კომისიები კანონის ძალიან ვიწრო ან არაერთგვაროვან განმარტებებს იყენებდნენ, რამაც უარყოფითი ზეგავლენა იქონია არჩევნებზე. მათი თქმით, ეს წინააღმდეგობაში მოდის ეუთოს წინაშე აღებულ ვალდებულებებთან .
„საერთო ჯამში საჩივრების განხილვის პროცესი მოკლებული იყო მათი შინაარსის/არგუმენტაციის სათანადო განხილვას, კომისიები კანონის ძალიან ვიწრო ან არაერთგვაროვან განმარტებებს იყენებდნენ, რამაც უარყოფითი ზეგავლენა იქონია სამართლიანი დაცვის ეფექტიანი საშუალების უფლების უზრუნველყოფაზე, რაც წინააღმდეგობაში მოდის ეუთოს წინაშე აღებულ ვალდებულებებთან და საერთაშორისოდ აღიარებულ საუკეთესო პრაქტიკასთან“.- წერია ეუთოს (OSCE), ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA), დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR), ევროპარლამენტის (EP) და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) დამკვირვებლების დასკვნაში.