„NDI-ის დამკვირვებლები შეესწრნენ და ჩაიწერეს, თუ როგორ ღიად ცდილობდნენ საუბნო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები შვიდი ან რვა ბიულეტენის 10-ბიულეტენად გასაღებას და ხმის დათვლის შედეგების სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ მანიპულირებას", - ამის შესახებ ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დელეგაციის დასკვნაშია აღნიშნული.
ანგარიშში ვკითხულობთ, რომ NDI-ის დამკვირვებლები ჯგუფური და სხვის ნაცვლად ხმის მიცემის მოწმენიც გახდნენ. მათ ასევე გამოავლინეს ერთი შემთხვევა, როდესაც რამდენიმე პირი საარჩევნო უბანზე ხელში ბიულეტენებით შევიდა და პირადობის მოწმობის და საარჩევნო სიაში ყოფნის შემოწმების გარეშე ხმა მისცა, ხოლო შემდეგ საარჩევნო უბანი კვლავ ბიულეტენებით ხელში დატოვა. NDI–იმ ასევე გამოავლინა შემთხვევები, როდესაც მარკირება გავლილ ამომრჩევლებს ხმის მიცემის ნება დართეს, რიგის მომწესრიგებლებმა მარკირების სწორად შემოწმება ვერ შეძლეს და საუბნო კომისიის წევრებმა ამომრჩევლების მარკირება არასათანადოდ განახორციელეს.
„ასევე, სადამკვირვებლო ჯგუფების თქმით, ფიქსირდება მათი დამკვირვებლების საარჩევნო უბნებზე არ შეშვებისა ან მათთვის დაკვირვების უფლების შეზღუდვის შემთხვევები. რამდენიმე შემთხვევაში, საუბნო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებმა დამკვირვებლების საჩივრის რეგისტრაციაზე უარი თქვეს. ასევე დაფიქსირდა კომისიის წარმომადგენლებისა და სხვა დამსწრე პირების მხრიდან დამკვირვებლების მიმართ მუქარისა და დაშინების შემთხვევები", - ვკითხულობთ NDI-ის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის საარჩევნო გარემოს შეაფასების ანგარიშში.
----
NDI-ის დელეგაცია თბილისში 26 ნოემბერს ჩამოვიდა. 27 ნოემბერს NDI-ის ექვსი სადამკვირვებლო ჯგუფი საქართველოს მასშტაბით ხუთ რეგიონში გაემგზავრა. არჩევნების დღეს NDI ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნებზე უბნის გახსნის, ხმის მიცემისა და ხმის დათვლის პროცესს დააკვირდა.