.jpg)
სალომე ზურაბიშვილის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს არჩევნებში გამარჯვება საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონიმ წერილით მიულოცა.
მან სალომე ზურაბიშვილს მანდატის შესრულებისას წარმატება უსურვა და აღნიშნა, რომ საფრანგეთი სრულ მზადყოფნაშია, გააგრძელოს მოქმედება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემისთვის.
„ქალბატონო პრეზიდენტო, მსურს, მოგილოცოთ საფრანგეთისა და პირადად ჩემი სახელით საქართველოს მეთაურის პოსტზე არჩევა საარჩევნო პროცესის შედეგად, რომელმაც აჩვენა დემოკრატიული ღირებულებებისადმი ქართველი ხალხის ერთგულება. გულწრფელად გისურვებთ წარმატებას თქვენი მანდატის შესრულებისას. ვსარგებლობ შემთხვევით, რათა ხაზი გავუსვა ჩვენი ქვეყნებს შორის ურთიერთობების ხარისხსა და ხანგრძლივობას, რასაც თქვენ ასე უწყობდით ხელს როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. დარწმუნებული ვარ, ჩვენი კავშირები კიდევ უფრო გაძლიერდება. მსურს დაგარწმუნოთ საფრანგეთის სრულ მზადყოფნაში, გააგრძელოს მოქმედება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემით საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ვიმედოვნებთ, შეგხვდებით ჩვენი მომავალი კავშირების გასაძლიერებლად. გთხოვთ, მიიღოთ ჩემი პატივისცემა, ქალბატონო პრეზიდენტო“,- წერს ემანუელ მაკრონი.
საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ხმების თითქმის 60%-მდე აიღო და ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტი გახდება.
ზურაბიშვილს გამარჯვება ესტონეთის, ლიეტუვისა და უკრაინის პრეზიდენტებმაც მიულოცეს.