„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ (TI) აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის სარჩელი გურამ ადამაშვილსა და გიორგი ხაინდრავას წინააღმდეგ საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა. ეკა გიგაური ცილისწამებისთვის უჩიოდა ამ პირებს.
ინფორმაციას სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ეკა გიგაური სოციალურ ქსელში აქვეყენებს. გადაწყვეტილება მოსამართლემ, ქეთევან კუჭავამ გამოიტანა.
„დღეს ივანიშვილის სატელიტების წინააღმდეგ სასამართლო წავაგე. მიუხედავად იმისა, რომ მე ვიჩივლე ცილისწამებისთვის, ზუსტად ვიცოდი, რომ ჩემ წინააღმდეგ დაგეშილ სახელმწიფო ინსტიტუტებს ვებრძოდი და ასეთ პირობებში მურუსიძის სასამართლოს იმედი არ უნდა მქონოდა, სასამართლოში მაინც წავედი, რადგან ჩემთვის ერთადერთი მისაღები გზა სამართლებრივი ბრძოლაა.
რეალურად კი რა მოხდა - სასამართლომ დაადგინა, რომ სინამდვილეში ივანიშვილმაც, წულუკიანმაც და ყველა მათმა სატელიტმა შეიძლება საჯაროდ, ყოველგვარი დასაბუთებისა და საფუძვლის გარეშე დაგაბრალოს დანაშაული და სასამართლომ თქვას, რომ ეს მათი აზრია. მერე მიხვიდე პროცესზე დაამტკიცო, რომ დანაშაული არ ჩაგიდენია და პროცესი მაინც წაგაგებინონ. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ეს ადამიანი მიზანმიმართულად ცდილობს ჩემ დისკრედიტაციას და მტკიცებით ფორმაში მაბრალებს იმას, რასთან შეხებაც არასოდეს მქონია, ჩვენი სასამართლოს აზრით, მათ პასუხი არ შეიძლება მოეთხოვოთ. უნდა ითქვას ისიც, რომ მსგავსი საქმეები ჩვენს სასამართლოს ჰქონია და იქ რატომღაც მოსამართლემ სწორი გადაწყვეტილება მიიღო.
აქ პრობლემა ეკა გიგაურია - ეს არის ფაქტი და მიუხედავად იმისა, რომ ცილისმწამებლების მოწმეებიც კი ჩემს სასარგებლო ჩვენებებს აძლევდნენ, ჩემმა ფაქტორმა აიძულა მოსამართლე, სასამართლოს რეპუტაცია გაეწირა. მე გავაგრძელებ ბრძოლას, თუ საჭირო გახდა სტრასბურგშიც!
არავინ იფიქროს, რომ ჩემ წინააღმდეგ სახელმწიფოს მიზანმიმართული კამპანიის გამო პირში წყალს ჩავიგუბებ და გავჩერდები.
მადლობა ქართულ სასამართლოს ყველაზე „მიუკერძოებელ" და „სამართლიანს” მსოფლიოში !" - წერს გიგაური.