საქართველოს ერიკ-ემანუელ შმიტი სტუმრობს. ბელგიელი მწერალი დღეს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჟურნალისტებს შეხვდა. 19:00 საათზე დაგეგმილია მკითხველთან შეხვედრაც. მწერალი საქართველოში „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ ინიციატივით და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტისა (Institut Français de Géorgie) და სასტუმრო Rooms Hotels-ის ხელშეწყობით იმყოფება.
ერიკ-ემანუელ შმიტმა განაცხადა, რომ უკვე დაასრულა ახალი რომანის წერა, რომელიც იანვარში გამოიცემა საფრანგეთში - „ფელიქსი და უხილავი წყარო“. ავტორის თქმით, ეს არის 12 წლის ბავშვის ისტორია, რომელსაც სურს დედამისის გაცოცხლება.
„კარგ წიგნს არ შეუძლია სამყაროს შეცვლა, მაგრამ შეუძლია, რომ შეგცვალოს შენ“
რა თქმა უნდა, წამიკითხავს წიგნები, რომლებსაც ჩემი ცხოვრება შეუცვლია. ბავშვობაში ვერ ვიტანდი კითხვას, რადგან ყოველთვის საკმაოდ სულელურ საბავშვო წიგნებს მთავაზობდნენ. ჩემს თავს ვეუბნებოდი, რომ ასეთი სისულელეების კითხვაში დროს ვერ დავკარგავდი. შემდეგ ჩემი ოჯახი სხვაგან გადავიდა საცხოვრებლად. ჩვენი ახალი სახლი ტყეში იყო, სამწუხაროდ, მეგობრებთან ახლოს აღარ ვიყავი და ეს პერიოდი ჩემთვის რთული აღმოჩნდა. შემდეგ ავიღე ერთი წიგნი წასაკითხად და ეს წიგნი დიუმას „სამი მუშკეტერი აღმოჩნდა“. ასე დავკარგე მეგობრები, მაგრამ შევიძინე 4 ახალი მეგობარი. შემდეგ ეგზიუპერმა მოახდინა ჩემზე გავლენა. შემდეგ გადავერთე მოცულობით დიდ მწერლებზე - დოსტოევსკი, ბალზაკი, პრუსტი და ამის შემდეგ დღე არ გავა, რომ არ წავიკითხო ან არ დავწერო წიგნები.
ქალთა უფლებებზე
მე ფემინისტრი ვარ და ფემინისტობა არ არის სქესზე დამოკიდებული, ფემინისტობა არის იდეა - ან მოგწონს უფლებრივი თანასწორობა ან არ მოგწონს. არა მხოლოდ ფემინისტი, ქალიც კი ვარ ხოლმე, როცა ვწერ. წერა არის ძალიან კარგი საშუალება, რომ გახდე ქალი და პლასტიკური ქირურგიისგან განსხვავებით, ეს შეუქცევადი პროცესი არ არის. ჩემთვის ეს ძალიან საინტერესო ფიზიკური გამოცდილებაა, შევძლო, გავიცნო, აღვწერო სამყარო ქალური თვალთახედვიდან.
რაც შეეხება ბრძოლას ქალებსა და მამაკაცებს შორის - ეს ბრძოლა ყოველთვის იყო და ყოველთვის იქნება და არასდროს არ იქნება მოგონილი. როდესაც რაღაცისთვის ვიწყებთ ბრძოლას, იმისთვის ვიბრძვით, რომ გამარჯვებას მივაღწიოთ, თუმცა მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში რა ბრძოლაც წამომიწყია, იყო ბრძოლა გამარჯვების გარეშე. ვიბრძვი თავისუფლებისთვის, ვიბრძვი ქალთა უფლებებისთვის, ვიბრძვი ტოლერანტობისთვის, მაგრამ ახლა ვაცნობიერებ, რომ, ალბათ, ვერასდროს ვერ გავიმარჯვებ. თუმცა ბრძოლის სილამაზე არა გამარჯვებაშია, არამედ იმაში, თუ რა მიზანი აქვს ამ ბრძოლას და ყოველთვის კარგად ვგრძნობ თავს, როდესაც ვიაზრებ, რომ ვართ რაღაც ბრძოლაში. შეიძლება ვერ გავიმარჯვოთ, მაგრამ ბოლომდე მივიყვანოთ ეს ბრძოლა. ის ბრძოლები კი, რომლებშიც ვიმარჯვებთ, საკმაოდ საეჭვო ბრძოლებია.
შთაგონება
ისტორიებს, რომლებსაც წიგნში ვყვები, წლობით დავატარებ ისე, როგორც ქალი ატარებს თავის ნაყოფს. მე გამუდმებით მრავალ ფეხმძიმობას განვიცდი სხვადასხვა წიგნით და დედა სპილოსავით გრძელდება ჩემი ფეხმძიმობა, რაც იმას ნიშნავს, რომ დიდ ხანს ვატარებ წიგნს ჩემთან. წერის პროცესი არის მშობიარობის პროცესი. მე არ მაქვს იმის პრობლემა, რომ არ მქონდეს შთაგონების წყარო. იმ მწერალთა რიცხვს არ მივეკუთვნები, რა დავწერო, რა დავწეროო, რომ ფიქრობენ. მე ყოველთვის თან ვატარებ ამ „ბავშვს“ - ნაყოფს, რომელიც ყველაფრით იკვებება და როდესაც მომწიფდება, იბადება წიგნის სახით.
რომელ წიგნებს გამოარჩევს თავისი შემოქმედებიდან
ორს გამოვყოფდი - „ოსკარი და ვარდისფერი ქალბატონი“ და „სხვისი ნაწილი“ - ორივე წიგნი ერთ წელს დავწერე. ეს წიგნები ორი პოლუსია. ორივე არის ფილოსოფიური შინაარსის მატარებელი. ერთი მხრივ „ოსკარი“, რომელსაც 10 წლის ბავშვებიც კი კითხულობენ და იგებენ, მეორე მხრივ - ჰიტლერის ცხოვრებაზე დაწერილი „სხვისი ნაწილი“, რომელიც ჰიტლერის ორმაგ ცხოვრებას წარმოგვიდგენს - ერთი ნამდვილია, მეორე წარმოსახვითი. რა მოხდებოდა, ის რომ გამხდარიყო მხატვარი... ეს წიგნები ჩემს ორ პოლუსს წარმოადგენს.
რჩევა ახალგაზრდა მწერლებს
ჩემი მთავარი რჩევა ახალგაზრდა მწერლებისთვის იქნება მოთმინება, რადგან ძალიან ხშირად ვწერთ ხოლმე იმაზე ადრე, ვიდრე შეგვიძლია დაწერა, ანუ სურვილი წინ უსწრებს ხოლმე შესაძლებლობას. არ უნდა ელოდეთ წარმატებას დასაწყისშივე. არ არის სავალდებულო, პირველივე გვერდიდან ტექსტი იყოს კარგი და წარმატებული. წიგნის წერა არ არის ერთი საქმე, წიგნის წერა არის სხვადასხვა სახის ერთობლიობა - იოცნებო, წარმოიდგინო, ორგანიზება გაუწიო, მისცე ამ ყველაფერს სახე და, რაც მთავარია, გაგიჩნდეს წიგნთან შეხვედრის სურვილი.
უნდა გამოვყოთ და გამოვიყენოთ ტვინის ორი სფერო - კრიტიკულმა სფერომ უნდა იმუშაოს დაწერამდე და დაწერის შემდეგ; შემოქმედებითი სფერო კი სულ უნდა ამუშაოთ. კრიტიკული ნაწილი გვეხმარება, რომ მოვამზადოთ დაწყებითი სამუშაოები, შევაფასოთ ესთეტიკური მხარეები - რა უნდა დავწეროთ და როგორ უნდა დავწეროთ; და როდესაც მორჩება ეს ნაწილი, კრიტიკულმა სფერომ უნდა შეწყვიტოს მუშაობა. შემდეგ შემოქმედებითი ნაწილის ჯერი დგება და ყოველგვარი კრიტიკის გარეშე უნდა ვაკეთოთ, ბოლომდე ამოვწუროთ თავი და აღარ მივაქციოთ ყურადღება კრიტიკულ ნაწილს. როდესაც შემოქმედებითი ნაწილი დასრულდება, ისევ კრიტიკული ნაწილი უნდა აამუშაოთ, შეხედოთ რა არის ცუდი და რა არის კარგი. კრიტიკული და შემოქმედებითი პროცესის გარეშე ეს ყველაფერი ვერ გამოვა. ზედმეტად კრიტიკული ნაწილი თუ უფრო მეტია, ეს ნაწერს აფუჭებს და პირიქით, თუ შემოქმედებითი ნაწილი უფრო მეტია, ესეც ცუდია იმიტომ, რომ ჭკვიანური დამოკიდებულება ქრება ნაწერთან. შესაბამისად, ჩემი რჩევაა, რომ ერთდროულად არ იმუშაოს ამ ორმა ნაწილმა. კრიტიკული ნაწილი საკმაოდ დამღლელი შეიძლება იყოს. ერთ წელს 6 წიგნი დავწერე და შედგომ უკვე ამ ნაწერების კრიტიკული შემოწმება მეზიზღებოდა, ვერ ვიტანდი ამ პროცესს. შესაბამისად, საჭიროა ბალანსი დავიცვათ ამ ორ ნაწილს შორის, რათა არ შეგვზიზღდეს წერა.
ლიტერატურული პრემიების როლზე
ლიტერატურული პრემიები ერთდროულად არის უსამართლოც და აუცილებელიც. ეს აუცილებელია, რადგან გვაძლევს საშუალებას, კონკრეტული მწერალი გავაცნოთ საზოგადოებას. ეს კარგი მოტივაციაა მწერლებისთვის. მე თვითონ ვარ გონკურის პრემიის ჟიურის წევრი და ყოველთვის ძალიან ვღელავ, რამე რომ არ გამომრჩეს. მომავალ წელს გონკურის პრემიას ერქმევა მარსელ პრუსტის სახელი იმიტომ, რომ 100 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მას 1919-ში გადაეცა ეს პრემია. მომავალ წელს ამ დღეს იმიტომ აღვნიშნავთ, რომ გვიხარია მარსელ პრუსტი რომ არ გამორჩათ დაჯილდოებისას; თუმცა გონკურის პრრმიას ბევრი სხვა მწერალი გამორჩა.
შეხვედრის ბოლოს შმიტმა მადლობა გადაუხადა მთარგმნელ მერაბ ფიფიას - „მთარგმნელის გარეშე მე ვერ ვიცოცხლებდი საქართველოში“.
ერიკ-ემანუელ შმიტი ბოლო ათწლეულის ერთ-ერთი ცნობილი და პოპულარული
ფრანგულენოვანი ავტორია. მკითხველისა და კრიტიკოსებისგან აღიარებული მწერალი,
დრამატურგი და რეჟისორი რამდენიმე პრესტიჟული ლიტერატურული და თეატრალური
პრემიის მფლობელია. მისი ნაწარმოებები თარგმნილია 40-ზე მეტ ენაზე, სპექტაკლები კი 50-
მდე ქვეყანაშია დადგმული.