87-ე სკოლაში დაფიქსირებული მენინგოკოქცემიის სხვა მოსწავლეებზე გადადების არავითარი რისკი არ არსებობს, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ მეცნიერების დარგში, პაატა იმნაძემ.
„ამ შემთხვევიდან სკოლის რომელიმე მოსწავლეზე გადადების არავითარი რისკი არ არსებობს. სკოლაში ჩატარებულია ყველა ღონისძიება, რაც საჭიროა ხოლმე ამ დროს. ესაა სველი წესით დალაგება, რაც სამჯერ ჩატარდა, ამიტომ აქ გადადების ყველანაირი საფრთხე გამორიცხულია. მიუხედავად ამისა, როდესაც ჩატარდა სველი წესით დამუშავება, გამოყენებული იყო სადეზინფექციო საშუალება. ამ მიკრობს ახასიათებს მტარებლობა, შეიძლება მოიაროს 1000 ადამიანი და ამ მტარებლობის გამო არაფერი ჰქონდეთ ამ ადამიანებს. ის ამოარჩევს უბრალოდ ვინმეს, ვისი იმუნიტეტიც შეიძლება იმ მომენტში შედარებით სუსტი იყოს და ამ დროს განვითარდეს ინფექცია. ეს მიკრობი გადადის მხოლოდ ძალიან ახლო, ძალიან მჭიდრო და ხანგრძლივი და წვეთოვანი კონტაქტის დროს და გარემოში საერთოდ ვერ ცოცხლობს, პირდაპირ უნდა მოხდეს გადადება. მიკრობის მოხვედრა არ ნიშნავს იმას, რომ ეს აუცილებლად გამოიწვევს მენინგოკოკურ ინფექციას“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.
პაატა იმნაძის რეკომენდაციით, თუკი ბავშვის ტემპერატურა უეცრად 38 გრადუსიდან ზემოთ აიწევს, ასევე აწუხებს თავის ტკივილი და ვარსკვლავისებური სისხლჩაქცევა, მშობელმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს.
თბილისის 87-ე საჯარო სკოლაში დაფიქსირდა მენინგიტის შემთხვევა, რის გამოც მშობლებმა სკოლაში დეზინფექცია მოითხოვეს.