დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ არ დააკმაყოფილა ეკა გიგაურის სარჩელი პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახავი ცნობების უარყოფისა და მორალური ზიანის სახით, მოპასუხეების გურამ ადამაშვილისა და გიორგი ხაინდრავას მიმართ 30-30 თეთრის დაკისრების თაობაზე.
მხარეთა შორის დავის საგანს წარმოადგენდა მოპასუხეთა საჯარო განცხადებები 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევაში საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილე ეკა გიგაურის მონაწილეობის თაობაზე, ასევე დარბევისათვის სპეციალური წოდების მინიჭებისა და მის მიერ სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრებზე პრემიის გაცემის შესახებ, რაც მოსარჩელემ ცილისმწამებლურ ცნობებად მიიჩნია.
თბილისის საქალაქო სასამართლომ სარჩელი არ დააკმაყოფილა. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას შემდეგნაირად განმარტავს:
"სასამართლომ, საქართველოს და საერთაშორისო სასამართლო პრაქტიკის გათვალისწინებით, მიიჩნია, რომ სადავო განცხადებები არ წარმოადგენდა მტკიცებითი ფორმით ფაქტების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას და შეაფასა განმცხადებელთა სუბიექტურ დამოკიდებულებად, შეფასებით მსჯელობად, რაც არ გასცდენია „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების“ ფარგლებს". - ვკითხულობთ სასამართლოს განცხადებაში.
გადაწყვეტილებას ეკა გიგაურიც გამოეხმაურა:
„დღეს ივანიშვილის სატელიტების წინააღმდეგ სასამართლო წავაგე. მიუხედავად იმისა, რომ მე ვიჩივლე ცილისწამებისთვის, ზუსტად ვიცოდი, რომ ჩემ წინააღმდეგ დაგეშილ სახელმწიფო ინსტიტუტებს ვებრძოდი და ასეთ პირობებში მურუსიძის სასამართლოს იმედი არ უნდა მქონოდა, სასამართლოში მაინც წავედი, რადგან ჩემთვის ერთადერთი მისაღები გზა სამართლებრივი ბრძოლაა.
რეალურად კი რა მოხდა - სასამართლომ დაადგინა, რომ სინამდვილეში ივანიშვილმაც, წულუკიანმაც და ყველა მათმა სატელიტმა შეიძლება საჯაროდ, ყოველგვარი დასაბუთებისა და საფუძვლის გარეშე დაგაბრალოს დანაშაული და სასამართლომ თქვას, რომ ეს მათი აზრია. მერე მიხვიდე პროცესზე დაამტკიცო, რომ დანაშაული არ ჩაგიდენია და პროცესი მაინც წაგაგებინონ. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ეს ადამიანი მიზანმიმართულად ცდილობს ჩემ დისკრედიტაციას და მტკიცებით ფორმაში მაბრალებს იმას, რასთან შეხებაც არასოდეს მქონია, ჩვენი სასამართლოს აზრით, მათ პასუხი არ შეიძლება მოეთხოვოთ. უნდა ითქვას ისიც, რომ მსგავსი საქმეები ჩვენს სასამართლოს ჰქონია და იქ რატომღაც მოსამართლემ სწორი გადაწყვეტილება მიიღო.
აქ პრობლემა ეკა გიგაურია - ეს არის ფაქტი და მიუხედავად იმისა, რომ ცილისმწამებლების მოწმეებიც კი ჩემს სასარგებლო ჩვენებებს აძლევდნენ, ჩემმა ფაქტორმა აიძულა მოსამართლე, სასამართლოს რეპუტაცია გაეწირა. მე გავაგრძელებ ბრძოლას, თუ საჭირო გახდა სტრასბურგშიც!
არავინ იფიქროს, რომ ჩემ წინააღმდეგ სახელმწიფოს მიზანმიმართული კამპანიის გამო პირში წყალს ჩავიგუბებ და გავჩერდები.
მადლობა ქართულ სასამართლოს ყველაზე „მიუკერძოებელ" და „სამართლიანს” მსოფლიოში !" - წერს გიგაური.