„რა თქმა უნდა, შექმნილ ვითარებაში სრულიად გასაგები და ლეგიტიმურია მათი პროტესტი, ვისაც ჰგონია, რომ არჩევნები გაყალბდა, მაგრამ ჩვენ მიგვაჩნია, რომ პოლიტიკურ რეფორმებზე გადის ქვეყნის განვითარების გზა და არა აქციებზე“, - ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ბაქრაძე ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებს, ერთად დაიწყონ გრძელვადიან სტრატეგიაზე მუშაობა. მისი განმარტებით, პარტიაში მიიჩნევენ, რომ არჩევნებზე გამოვლენილი დარღვევების გამო, მისი შედეგი ლეგიტიმურად ვერ ჩაითვლება.
„ჩვენ კიდევ ერთხელ მოვისმინეთ პარტიის რაიონული წარმომადგენლებისგან, რა ვითარებაში გაიმართა არჩევნები და კიდევ ერთხელ დადასტურდა ზეწოლა, ძალადობა, კრიმინალური სამყაროს ჩართულობა, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და ა.შ. ეს და სხვა დარღვევები ნიშნავს იმას, რომ არჩევნების შედეგები ქართველი ხალხის ნების გამოვლენად ვერ მიიჩნევა. ამას ადასტურებს კიდეც ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასება, რასაც ჩვენ სრულად ვიზიარებთ“, - განაცხადა ბაქრაძემ.
მისი შეფასებით, ქართველმა ხალხმა აჩვენა, რომ საზოგადოება გაიზარდა და ცვლილებებისთვის ქუჩაში გამოსვლა და აქციები აღარ არის აუცილებელი, თუმცა ამას შესაბამისი პირობების შექმნა სჭირდება. ბაქრაძის განმარტებით, სწორედ ამ პირობების შექმნა და საარჩევნო სისტემის შეცვლა იქნება პარტიის ამოცანა. როგორც ის ამბობს, „ევროპული საქართველოსთვის", როგორც პროპორციული, ასევე რეგიონული პროპორციული სისტემა მისაღებია.
გაერთიანებულმა ოპოზიციამ აქცია გუშინ დააანონსა. საპროტესტო აქცია 2 დეკემბერს, 3 საათზე თავისუფლების მოედანზე გაიმართება.