თაკო ჩარკვიანსა და მის მეუღლეზე თავდასხმაში მონაწილე ერთ-ერთი პირის შესახებ, რომელიც თბილისის საკრებულოს თანამშრომელია, საკრებულო განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ დავით მაჭავარიანი მშვიდი და წესიერი ადმაიანია და იგი ჩხუბში მონაწილე პირებს აშველებდა და ფიზიკურ შეურაცხყოფას არავის აყენებდა.
„გვინდა ქუთაისის აეროპორტში მომხდარ ინციდენტს გამოვეხმაუროთ, რომელშიც თბილისის საკრებულოს თანამშრომელი დავით მაჭავარიანი ფიგურირებს. პირველ რიგში აღვნიშნავთ, რომ ჩვენთვის ყოველგვარი ძალადობა, ვისი მხრიდანაც არ უნდა მოდიოდეს იგი, მიუღებელია, თუმცა უნდა ითქვას, რომ გავრცელებულ ვიდეომასალაში ნათლად ჩანს, რომ საკრებულოს თანამშრომელი ჩხუბში მონაწილე პირებს აშველებს და ფიზიკურ შეურაცხყოფას არავის აყენებს.
დავით მაჭავარიანი თბილისის საკრებულოში, სხვადასხვა პოზიციებზე, 2007 წლიდან მუშაობს. იგი გაწონასწორებული, მშვიდი და წესიერი ადამიანია.
ცალსახად ვაცხადებთ, რომ თბილისის საკრებულო გადაწყვეტილებას მხოლოდ კანონის შესაბამისად და არა კერძო პირების მოთხოვნებიდან გამომდინარე მიიღებს" - ნათქვამია განცხადებაში.
ქუთაისის აეროპორტში თაკო ჩარკვიანსა და მის მეუღლეზე თავდასხმისთვის ერთი პირი ძალადობის, ხოლო სამი პირი წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით დააკავა.
გამოძიების პირველადი ინფორმაციით, ჩარკვიანს და მის მეუღლეს სავარაუდოდ პოლიტიკური შეხედულებების გამო თავს დაესხნენ.
საპატრულო პოლიციამ მომხდარზე გამოძიება ძალადობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო. ასევე საქმის წარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით მიმდინარეობს.
მომხდარს გაერთანებულ ოპოზიციის ლიდერი გრიგოლ ვაშაძე გამოეხმაურა. მისი თქმით, თავდასხმა დაშინების მიზნით ორგანიზებული კამპანიის ნაწილია და ხელისუფლებისგან არის მართული.