რუსთაველის გამზირზე გაერთიანებული ოპოზიციის ორგანიზებით, საპროტესტო აქცია იმართება. აქციის მონაწილე მთავარი მოთხოვნაა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლა.
აქციაზე მისულებს სიტყვით მიმართა ნიკა მელიამ, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნებზე გამოვლენილ დარღვევებზე ისაუბრა.
„ხელისუფლებამ დანიშნა მესამე ტური. მას ეგონა, რომ ჩვენ დავიღლებოდით და მესამე ტურში მონაწილეობას არ მივიღებდით. ჩვენ არათუ ვიღებთ მონაწილეობას, არამედ აუცილებლად გავიმარჯვებთ. რაც მათ იკადრეს, ეს წარმოუდგენელია.
სოციალურად დაუცველებთან დადიოდნენ ამრეზილი სახეებით და ეუბნებოდნენ, რომ მოგიხსნით დახმარებას, თუ არ იქნები სალომეს მხარდამჭერი. პედაგოგებს, ღირსეულ, ამაგდარ ხალხს ეუბნებოდნენ, რომ თუ არ შემოხაზავდნენ ზურაბიშვილს, სკოლიდან გაათავისუფლებდნენ. არ არის სალომე ზურაბიშვილი ჩვენი პრეზიდენტი. არ იქნება ჩვენი პრეზიდენტი. ვიმოქმედებთ კონსტიტუციის ფარგლებში და არ დავიღლებით საბოლოო გამარჯვებამდე. ჩვენ გვაქვს კონკრეტული მოთხოვნები, რომელსაც გრიგოლ ვაშაძე გაახმაურებს. ეს არჩევნები ხალხმა მოიგო და ის ხალხს წაართვეს, ამიტომ ბრძოლა იქნება ბოლომდე." - განაცხადა ნიკა მელიამ.