
„ხელისუფლებამ მოგვპარა არჩევნები, მაგრამ მე აქ წერტილს ვერ დავსვამ. შემიძლია, მხოლოდ მძიმე დავსვა. ეს გაუსაძლისი ყოფა იმით არის განპირობებული, რომ არც ერთმა წინა ხელისუფლებამ არ დააკლო. თუ ამას თვალს არ გავუსწორებთ, წინ ვერ წავალთ", - მიმართა გაერთიანებული ოპოზიციის საპროტესტო აქციაზე შეკრებილებს არმაზ ახვლედიანმა. მაგრამ, მისი შეფასებით, რაც მოხდა ახლა, მსგავსი არაფერი საქართველოს 25 წლის განმავლობაში არ ახსოვს.
არმაზ ახვლედიანის თქმით, იპოვის კი ხელისუფლება ამაზე უფრო მშვიდ საზოგადოებას, რომელიც იმიტომ კი არ გამოვიდა, რომ ეკონომიკის გაუმჯობესება მოსთხოვოს, არამედ მოითხოვს არჩევნის თავისუფლების დაცვას.
„ასეთ არჩევნებს ქართველი ხალხი არავის აპატიებს. ერთადერთი მოთხოვნა გვაქვს, რომ წავიდეს ხელისუფლება იმ დათმობაზე, რომელიც უზრუნველყოფს ყველა სხვა არჩევნების სამართლიანად ჩატარებას. ხელისუფლებას მოვუწოდებთ, დარჩეს ამ კონსტიტუციის ფარგლებში. „ოცნებამ" ვერაფერი ისწავლა წარსულიდან. საქართველოში იქნება მძლავრი საპროტესტო ტალღა, რომელსაც ვერაფერი შეაჩერებს", - აცხადებს არმაზ ახვლედიანი და დასძენს - „გაუმარჯოს ერთ კაცს, რომელიც დღეს აქ არ დგას, მაგრამ აქ შეკრებილ ხალხს გულშემატკივრობს. მადლობა ყველას ამ სოლიდარობისთვის, ერთობისთვის, მჯერა, რომ მართალ სიტყვას წინ ვერაფერი დაუდგება".