Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რა მოხდა ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში - ოპოზიცია დირექტორის შევიწროებაზე საუბრობს

02 დეკემბერი, 2018 18:31

დღეს გაერთიანებული ოპოზიციის აქციაზე ბაჩუკი ქარდავამ სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ მათი მხარდამჭერის დედას, რომელიც ზუგდიდში მე-6 საჯარო სკოლის დირექტორია, პოლიტიკური ნიშნით ავიწროებენ, რის გამოც მან ინერვიულა და ინსულტი მიიღო.

„ლიბერალი“ ცდილობს მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის, ია კერზაიას შვილთან, ბაჩანა შენგელიასთან დაკავშირებას, რომელიც 2013 წლამდე ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარე იყო.

ის ჩვენს სატელეფონო ზარს არ პასუხობს. სატელეფონო ზარს არ პასუხობს ზუგდიდის რესურსცენტრის ხელმძღვანელიც.

მედიაში რამდენიმე მასალა იძებნება ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის, ია კერზაიას მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ.

კერძოდ, ირკვევა, რომ მიმდინარე წლის 8 ნოემბერს სამინისტროში მე-6 საჯარო სკოლაში დირექტორის მხრიდან შესაძლო გადაცდომების შესახებ ანონიმური წერილი შევიდა. წერილის საფუძველზე 9 ნოემბერს სკოლაში სამინისტროს აუდიტის სამსახური შევიდა მოკვლევაზე.

რადიო „ათინათის" მიერ მომზადებულ მასალაში, რომელიც 26 ნოემბერს არის გამოქვეყნებული, ია კერზაია ამბობს, რომ 9 ნოემბერს განათლების სამინისტროდან ანონიმური საჩივრის საფუძველზე, სკოლაში ინსპექტორები მივიდნენ.

„ორი ადამიანი შემოვიდა სკოლაში 9 ნოემბერს და გვითხრა, რომ განათლების სამინისტროში შესული საჩივრის საფუძველზე უნდა დაწყებულიყო სკოლის ინსპექტირება. რამდენიმე დღის განმავლობაში ეს ორი ადამიანი „თავდაუზოგავად“ მუშაობდა, რომ დარღვევები აღმოეჩინა. ცხადია, იყო სხვადასხვა პროცედურული დარღვევა, თუმცა არც ერთი ფინანსური... საჩივარი, რომელიც, ჩემი აზრით, ფაბრიკაციაა, ანონიმის მიერ იყო შედგენილი და ეწერა, რომ თურმე, მე 2007 წელს „ბნელმა ძალებმა“ მომიყვანეს სკოლის დირექტორად და არასწორად განვკარგავდი ხარჯებს და ვწერდი ბრძანებებს, რაც ტყუილია. მე ლოტოტრონის საშუალებით გავხდი დირექტორი და ყველამ კარგად იცის, რამდენი რამ გაკეთდა ამ სკოლაში ყველა მიმართულებით“, - გვითხრა კერზაიამ.

რას წერდა ია კერზაიას შვილი სოციალურ ქსელში

26 ნოემბერს ია კერზაიას შვილმა, ბაჩანა შენგელიამ პოსტი გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში, სადაც ის სკოლაში ინსპექტორების შესვლას პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებს.

„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო Mინისტრყ ოფ Eდუცატიონ (სრულად ვერ გიპოვეთ) 8 ნოემბრის ბრძანებით, რომელიც გაგიკვირდებათ და იმავე დღეს შეტანილი ანონიმური წერილის (რომელიც სინამდვილეში არ არის ანონიმური და ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებ) საფუძველზეა გამოცემული, 9 ნოემბერს, თბილისიდან ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში გამოიგზავნა განათლების სამინისტროს ინსპექტირების სამსახურის ორი თანამშრომელი, რომლებიც ერთი კვირის განმავლობაში, დილის 9 საათიდან ღამის 9 საათამდე ახორციელებდნენ შემოწმებას. სინამდვილეში ეს არ იყო შემოწმება, არამედ იყო ჩვეულებრივი რეპრესია, ვინაიდან პარალიზებული იყო სასწავლო პროცესი, მიმდინარეობდა პედაგოგების და სკოლაში დასაქმებული თანამშრომლების დაკითხვა(!). დიახ დაკითხვა, ,,დასაკითხ პირებს’’ აფრთხილებდნენ სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლით მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მუხლით ( ამ დროს ნებისმიერმა დამწყებდა იურისტმა იცის, რომ ინსპექტირების სამსახურის სპეციალისტის მიერ სამსახურებრივი შემოწმება არ ნიშნავს მართლმსაჯულების განხორციელებას). ერთი სრული დღე მხოლოდ სკოლის დამლაგებლების დაკითხვას დაეთმო. დაკითხვის მეთოდები იყო მაქსიმალურად ხისტი და მათ მოახერხეს ეს ე.წ. ინსპექტირების პერიოდი წარმოუდგენელი წნეხის და სტრესის ქვეშ ჰყოლოდათ მთელი სკოლა და რაც მთავარია სკოლის დირექტორი.“ - წერს შენგელია.

მისი თქმით, ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ დედამისი მიუხედავად არაერთი „შეთავაზებისა“, არ გახდა „ქართული ოცნების“ აქტივისტი, არჩევნების წინ არ გადასცემს მათ ე.წ. მომხრეების სიას და მათივე ცნობიერებით არ არის „მათიანი“.

„ყველა სამართლებრივ გზას მივმართავთ ამ უსამართლობის წინააღმდეგ, ამ ძალიან უთანასწორო ბრძოლაში. პირადად მე დავიცავ იას ინტერესებს, როგორც იურისტი.“ -  წერს ბაჩანა შენგელია.

26 ნოემბერს „ნეტგაზეთის“ მომზადებულ მასალაში, განათლების სამინისტროსგან მიღებული პასუხია მოცემული.

გამოცემა წერს, რომ სამინისტროს სტატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტიდან მიღებული მასალის მიხედვით ზუგდიდის #6 საჯარო სკოლაში სამინისტროს ინსპექტირების სამსახურმა არსებულ დარღვევებთან დაკავშირებით მოქალაქის განცხადების საფუძველზე დაიწყო საკითხის შესწავლა.

სამინისტროს თანახმად, “შესწავლის შედეგად გამოვლინდა სხვადასხვა სახის მძიმე დარღვევა. მათ შორის, ადმინისტრაციულ და ფინანსურ საქმიანობაში, სკოლაში დარღვეული იყო სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები და ა.შ”.

“სკოლის ინსპექტირების შედეგად შედგენილი დასკვნა გაეგზავნა სკოლის სამეურვეო საბჭოს და ეთხოვა განიხილონ სკოლის დირექტორის გათავისუფლების საკითხი”, – უპასუხეს „ნეტგაზეთს“ სამინისტროში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^