ახალი კანონპროექტის თანახმად, ადრეული და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ეტაპობრივი ავტორიზაციის ახალი ვადები განისაზღვრა,- ცვლილებების პროექტის მიხედვით, 2019 წლის 1 აპრილიდან 2020 წლის 31 დეკემბრამდე თითოეულმა მუნიციპალიტეტმა დაწესებულებების ეტაპობრივი ავტორიზაცია უნდა უზრუნველყონ.
მოქმედი კანონმდებლობით კი დაწესებულებების ავტორიზაციის პროცესი მიმდინარე წლის 31 დეკემბრამდე უნდა დასრულებულიყო.
კანონპროექტის ინიციატორები პარლამენტის წევრები: ეკა ბესელია და გედევან ფოფხაძე არიან.
„ამ დროისთვის მზადაა კანონით გათვალისწინებული სხვა სამართლებრივი აქტების პროექტებიც, რომლებიც დამატებით საჭიროებს სამართლებრივი ექსპერტიზის გავლას და განხილვებს. ამ დოკუმენტების მნიშვნელობიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია მათი სრულყოფილად და ყველა სტანდარტის გათვალისწინებით შემუშავება, რაც საჭიროებს დამატებით დროს. ასევე, გარკვეულ ვადებს მოითხოვს მათი პრაქტიკაში დანერგვა და ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის პროცესის ეფექტური განხორციელება“,- ნათქვამია განმარტებით ბარათში.
კანონის შესაბამისად, ამ დროისთვის მიღებულია შემდეგი სამართლებრივი აქტები: აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტი, (საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 ოქტომბრის #478 დადგენილება), ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტი, მათ შორის სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტი (საქართველოს მთავრობის 2017 წლის 30 ოქტომბრის #488 დადგენილება) დაწესებულებაში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის წესების მარეგულირებელი ტექნიკური-რეგლამენტი (საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 ოქტომბრის #485 დადგენილება) დაწესებულებაში კვების ორგანიზებისა და რაციონის კვებითი ღირებულების ნორმების მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტი; (საქართველოს მთავრობის 2017 წლის 30 ოქტომბრის #487 დადგენილება) აღმზრდელის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ჩარჩო დოკუმენტი (განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება N192/ნ), აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულები ( განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება N 97/ნ (2018 წლის 29 ივნისი).