ფოტო: მიშო ქისიშვილი
სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრის ლევან დავითაშვილის 15 ნოემბრის ბრძანებით, ეროვნული პარკების გარშემო ბუფერული ზონა 500-დან 250 მეტრამდე შემცირდა. ბუფერული ზონის შემცირება მონადირეთა მოთხოვნა იყო, გადაწყვეტილებას აპროტესტებენ გარემოსდამცველები.
მოქალაქეებმა, რომლებიც ბუფერული ზონის შემცირებას აპროტესტებენ, პეტიციაც გააკეთეს და მთავრობისგან ბრძანების გაუქმებას მოითხოვენ. გარემოსდამცველთა ნაწილი შიშობს, რომ მაგალითად კოლხეთის ეროვნული პარკის გარშემო ბუფერული ზონის შემცირებამ გადაშენების პირას მყოფი „ხონთქრის ქათამის“ საქართველოს ტერიტორიიდან გაქრობა შეიძლება გამოიწვიოს. რადგან ფრინველი ზუსტად იმ მიდამოებში ცხოვრობს.
„ზუსტად ამ ბუფერულ ზონაში ბინადრობს საქართველოში გადაშენების პირას მყოფი ფრინველის სახეობა „ხონთქრის ქათამი“ (Porphyrio porphyrio). ორნოთოლოგიური თვლების მიხედვით 1990 წელს კოლხეთის ეროვნული პარკის ბუფერულ ზონაში ბინადრობდა 15-20 წყვილი, 2005-2006 წელს 8-10, ხოლო 2015-2016 წელს 3-4 წყვილი.
ბუფერული ზონის ხელოვნურად შემცირება და ზონაში ნადირობის უფლების გაცემა კატასტროფულად შეავიწროვებს ხონთქრის ქათმისა და სხვა იშვიათი სახეობების ბუნებრივ არეალს და საფრთხეს შეუქმნის მათ ისედაც მწირ პოპულაციებს - ხონთქრის ქათამი საქართველოს ტერიტორიაზე სრულიად გაქრება!
შესაბამისად, მოვითხოვთ გაითვალისწინოთ ზემოთ მოყვანილი არგუმენტები და გააუქმოთ 15 ნოემბერს ხელმოწერილი ბრძანება Nr. 2-919 ბუფერული ზონების 500-დან 250 მეტრამდე შემცირების შესახებ“, - მოითხოვენ მოქალაქეები პეტიციაში.
რადიო „ათინათის“ ინფორმაციით, კოლხეთის ეროვნული პარკის გარშემო ბუფერული ზონის შემცირებას 6 წელი ითხოვდნენ ადგილობრივი მონადირეები. „ზუგდიდის მონადირეთა კავშირის“ წევრის, გურამ თირქიას თქმით, ექვსწლიანი მოთხოვნა ერთ დღეში გადაწყდა და ამაში მათ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია დაეხმარა.
თირქია „ათინათთან“ ამბობს, რომ ამ ბრძანების შესახებ მათ გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლების, სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ალექსანდრე მოწერელიასა და შს მინისტრის, გიორგი გახარიას მონადირეებთან წინასაარჩევნოდ გამართული შეხვედრის დროს გაიგეს.
თირქიას თქმით, მონადირეებმა ბუფერული ზონის შემცირების გამო მთავრობის ხელმძღვანელების მიმართ მადლიერება გამოხატეს და მათ სხვა მოთხოვნების შესახებაც ესაუბრნენ.
ფოტო: კოლხეთის ეროვნული პარკი
არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივის“ კონსერვაციის პროგრამის კოორდინატორი ირაკლი მაჭარაშვილი მიიჩნევს, რომ ამ ტიპის გადაწყვეტილებები ხელისუფლებამ მხოლოდ საჯარო განხილვების შემდეგ უნდა მიიღოს. მით უმეტეს, ამას მთავრობას ორჰუსის კონვენცია ავალდებულებს. სამინისტროს კი არათუ პროექტის განხილვა, საჯარო განმარტებაც არ გაუკეთებია.
„ფაქტია, რომ მონადირეთა ჯგუფები ყოველთვის, ყოველი არჩევნების წინ ცდილობენ, რაღაც დათმობებზე წაიყვანონ მთავრობა. ხან გამოდიან რომელიმე დაცული ტერიტორიის გაუქმებით ან თევზჭერის დაშვებით დაცულ ტერიტორიებზე.
ეს მუდმივად გრძელდება და ფაქტობრივად ჩანდა იმ ინტერვიუებიდანაც, რომელიც მედიაში იყო, რომ ეს უკავშირდებოდა არჩევნებს. ამბობდნენ რესპონდენტებიც, რომ რადგან მთავრობამ ეს გაგვიკეთა, მისთვის სასურველ კანდიდატს მივცემთ ხმასო.
პირველ რიგში, ეს არის სამართლებრივი პრობლემა, რომ ამ ტიპის გადაწყვეტილების მიღება ხდება კანონდარღვევით, საჯარო განხილვების გარეშე. ეს რას მოიტანს, მე სამინისტროსავით ხელაღებით ვერ ვიტყვი, რომ არაფერი პრობლემა არ იქნება. ამას სჭირდება დასაბუთება“, - ამბობს მაჭარაშვილი „ლიბერალთან“.
ირაკლი მაჭარაშვილის თქმით, დაცული ტერიტორიები განსხვავდება ერთმანეთისგან, თითოეულ მათგანს თავისი სპეციფიკა და პრობლემა აქვს. არადა ბრძანება ყველა ეროვნულ პარკზე ვრცელდება.
მაჭარაშვილის თქმით, სამინისტროს არაპროფესიონალიზმზე მეტყველებს ისიც, რომ სახელმწიფო ნაკრძალებს ისევ 500-მეტრიანი ბუფერული ზონა აქვს, მაშინ როცა ეროვნული პარკის გარკვეული ტერიტორიები შესაძლოა მნიშვნელობითა და დაცვის რეჟიმით არ განსხვავდებოდეს ნაკრძალისგან, მას კი ბუფერულ ზონად მხოლოდ 250 მეტრი ექნება.
„ყველა დაცულ ტერიტორიას თავისი პრობლემა აქვს. ის, რომ კოლხეთის გარშემო მოითხოვეს მონადირეებმა და ყველა ეროვნულ პარკზე ვრცელდება, სხვასთან რა შედეგს გამოიღებს, კიდევ არ ვიცით.
ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ მიუთითებს მისი ავტორების არაპროფესიონალიზმზე. რას ნიშნავს ეროვნული პარკიდან ახლოს შეიძლება და არ ეხება ნაკრძალებს?! ეროვნულ პარკებს აქვთ მკაცრი დაცვის ზონა, რომელიც თავისი მნიშვნელობითა და რეჟიმით უდრის ნაკრძალს. ეს ზონა შეიძლება იყოს პარკის შუაგულში ან საზღვართან ახლოს.
შესაბამისად, გამოდის, რომ ერთნაირი მნიშვნელობის ტერიტორიებთან, ეროვნული პარკის სტატუსი თუ ექნება ბუფერული ზონა 250 მეტრი იქნება, ხოლო თუ სახელმწიფო ნაკრძალის სტატუსი აქვს - 500“, - ამბობს მაჭარაშვილი.
ფოტო: კოლხეთის ეროვნული პარკი
„ლიბერალი“ სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს დაუკავშირდა. დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის ვალერიან მჭედლიძის თქმით, ბუფერული ზონის შემცირება დიდი ხნის განხილვის საგანი იყო. გარემოს დაცვის სამინისტრო რამდენიმე წელი იღებდა მოსახლეობის წერილებს. მოითხოვნდნენ, რომ ეს მანძილი შემცირებულიყო.
მჭედლიძის თქმით, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში საერთოდ არ არსებობს ბუფერი და ამას დაცული ტერიტორიებისთვის ზიანი არ მოუტანია. ამიტომ, ვინაიდან მნიშვნელოვანია მოსახლეობის ინტერესები, ეს გადაწყვეტილება მიიღეს.
„რაც შეეხება ხონთქრის ქათამს, ის ისედაც წითელ ნუსხაშია, აკრძალულია მასზე ნადირობა ეროვნული პარკის შიგნით იქნება, ბუფერული ზონის შიგნით თუ მის გარეთ.
ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, ისინი წლებია, ითხოვენ ამ ზონის შემცირებას, პირადად ჩემთან ყოფილან მოსულები. აქ არ ყოფილა მიღებული გადაწყვეტილება მაინცდამაინც კოლხეთის ეროვნული პარკის გამო, ეს ეხებოდა ყველა ეროვნულ პარკს.
ჩვენ გვქონდა დისკუსია, საუბარი მოსახლეობასთან. ყველაფერი მათი ინტერესებიდან გამომდინარეობს და არ ვფიქრობ, რომ მეტი დისკუსია იყო კიდევ საჭირო.
ამ ზონის შემცირება არ შეუქმნის პრობლემას დაცულ ტერიტორიებს და მის არეალში მობინადრე ცხოველებსა და ფრინველებს. ზოგ ადგილას, ბუფერულ ზონაში ჩვენ საერთოდ მოსახლეობა გვყავს, ზოგი ადგილი კი კერძო ნაკვეთია“, - ამბობს დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე „ლიბერალთან“.