რას გულისხმობს განათლება დასაქმებისთვის; რა როლი აქვს პროფესიულ განათლებას ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში; რა უნარებია საჭირო თანამედროვე სამსახურისთვის საქართველოსა და მსოფლიოში; რატომ არის პროფესიული განათლება სწრაფი დასაქმების საშუალება და რა სიკეთეები მოაქვს მთელი ცხოვრების განმავლობაში სწავლის შესაძლებლობას - სწორედ ამ თემებზე ისაუბრეს სხვადასხვა პროფესიის მქონე წარმატებულმა ადამიანებმა Skills4Jobstalks-ის ფარგლებში და საზოგადოებას გაუზიარეს ინდივიდუალური გამოცდილება, როგორ შეძლეს მათი უნარების შრომით ბაზარზე გამოყენება.
Skills4Jobstalks ჩატარდა ევროკავშირის პროგრამის Skills4Jobs-ის ფარგლებში. „პროგრამა შედგება საკმაოდ რთული კომპონენტებისგან, მიუხედავად ამისა, ჩვენ ვთვლით, რომ აუცილებელია თითოეული ჩვენთაგანისთვის ვიყოთ ინფორმირებული იმ პროცესებზე, რომლებიც ახლა მიმადინარეობს და რომლებიც ჩვენივე ცხოვრების გაუმჯობესებისთვისაა მნიშვნელოვანი. საკმაოდ რთული იყო, მოგვეფიქრებინა ფორმატი, რომელიც ინფორმაციას გასაგებად და საინტერესოდ მიაწვდიდა დიდ აუდიტორიას. დიდი ფიქრის შემდეგ მე და ჩემმა მეგობრებმა Skills4Jobstalks ჩავატარეთ. ჩემთვის სასიამოვნოა, რომ ინტერესი ასეთი ტიპის ღონისძიების მიმართ მაღალია, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გვაინტერესებს ჩვენ ირგვლივ მიმდინარე მოვლენები და ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი სახელმწიფოს და შესაბამისად ჩვენი ცხოვრების მშენებლობის პროცესში ჩართვა“, - ამბობს თათა საყვარელიძე.
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ევროკავშირსა და საქართველოს მთავრობას შორის თანამშრომლობის ერთ-ერთ ძირითად სფეროს დასაქმების, პროფესიული განათლებისა და გადამზადების სექტორების რეფორმა წარმოადგენს, რომელიც მიზნად ისახავს პროფესიული განათლებისა და შრომის ბაზრის ზრდას, რაც ეკონომიკის ზრდასაც ნიშნავს.
უშუალოდ პროფესიული განათლების მიმართულებით რეფორმის მთავარი ამოცანაა, შეიქმნას სათანადო ინფრასტრუქტურა იმისთვის, რომ ადამიანმა მთელი ცხოვრების განმავლობაში შეძლოს განათლების მიღება, შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი უნარებით გადამზადება და დასაქმება.
„მნიშვნელოვანია, რომ ამ რეფორმის განხორციელებაში მონაწილეობა მიიღოს როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორის წარმომადგენლებმა“, - ამბობს თათა საყვარელიძე და განმარტავს, რომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია ზუსტად ვიცოდეთ, რას გვთავაზობს სახელმწიფო და რისი გამოყენება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს იმისთვის, რომ უკეთესი პროფესიული განათლება მიიღოს, გადამზადდეს და დასაქმდეს.
„მნიშვნელოვანია, შეიქმნას ეფექტური შრომითი ბაზარი, ამ კომპონენტში ჩვენ პასიური საბაზრო პოლიტიკიდან აქტიურ საბაზრო პოლიტიკაზე გადავედით. სხვა ევროპული ქვეყნების მსგავსად ჩვენმა სახელმწიფომაც შექმნა დასაქმების ხელშემწყობი სერვისები და პროგრამები. ნებისმიერ ასაკში ადამიანმა უნდა შეძლოს იმ კომპეტენციებისა და უნარების გაღრმავება, რომლებიც მოცემულ ეტაპზე შრომის ბაზარს სჭირდება. ეს შესაძლებელი გახდა ევროკავშირისა და საქართველოს მთავრობის თანამშრომლობით განხორციელებული რეფორმის შედეგად“.
ევროკავშირმა საქართველოს მთავრობას მხარი დაუჭირა ისეთ აქტივობებში, როგორიცაა: პროფესიული განათლებისა და გადამზადების რეფორმა ოპერატიული და ეფექტური სოციალური პარტნიორობის მოდელის მეშვეობით, რომელიც გულისხმობს სამუშაოზე დაფუძნებულ სწავლებას; შემუშავდა შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემა, რომელიც სხვადასხვა სექტორსა და რეგიონებში მოთხოვნადი პროფესიების შესახებ ინფორმაციას იძლევა. ეს კი ხელმისაწვდომს ხდის სკოლებს, რომლებიც დაინტერესებულ პირებს შესაბამის გადამზადებას სთავაზობს.
თაკო გვარაძე - ბიზნესის მეპატრონე
დაახლოებით 1 წლის წინ სამმა მეგობარმა თაკო გვარაძემ, ნათია ტატიშვილმა და ნინო ებრალიძემ კომპანია „შენი სათამაშოს ისტორია“ დააარსეს. თაკომ და მისმა მეგობრებმა მცირეწლოვანი შვილების „ფანტაზიები გააცოცხლეს“, მათი ნახატების მიხედვით ფუმფულა სათამაშოები შეკერეს. თაკო ჰყვება, რომ სათამაშოებით გახარებული ბავშვების რეაქციამ გადააწყვეტინათ კომპანიის დაარსება და სხვა ბავშვების ფანტაზიებით შექმნილი გმირების სათამაშოებად ქცევა.
„ბრენდინგზე, იმიჯზე ჩვენ თვითონ ვიმუშავეთ. სამივე ჩვენგანს ხელოვნების და გრაფიკული დიზაინის განხრით სამხატვრო აკადემია გვაქვს დამთავრებული. კომპანიის დარეგისტრირების შემდგომ, facebook-გვერდი შევქმენით. ჩვენს იდეას დიდი გამოხმაურება მოჰყვა, გვიგზავნიან ბავშვების ნახატებს და მერე ჩვენ მათთვის შეკერილი სათამაშოები მიგვაქვს“.
ახლა თაკოს და მისი მეგობრების კომპანიაში 6 მკერავია დასაქმებული. ყველა მათგანი პროფესიული განათლების მიმართულების სტუდენტია. თაკო ჰყვება, რომ მკერავების პოვნა, ძალიან გაუჭირდათ. „ერთი შეხედვით, ჩვენ გარშემო ბევრი მკერავია, მაგრამ ძნელი აღმოჩნდა ისეთი მკერავის პოვნა, რომელიც ჩვენი ტიპის სამუშაოებს თავს გაართმევდა. აღმოვაჩინეთ, რომ კვალიფიციური კადრის პოვნა დამსაქმებლისთვის ადვილი არ არის. ამიტომ მნიშვნელოვანია სასწავლებლებში სტუდენტების მომზადება სწორედ იმ საჭიროებებზე იყოს მორგებული, რომლებიც დღეს შრომის ბაზარს აქვს. პროფესიული განათლება არის მოკლე გზა დასაქმებისთვის და ვფიქრობ ეს შესაძლებლობა ადამიანებმა უნდა გამოიყენონ“.
გიორგი ისაკაძე - „ფორბს ჯორჯიას“ მთავარი რედაქტორი
„იმისათვის, რომ პროფესიული განათლება ქვეყანაში ადამიანებისთვის „შესაძლებლობად“ იქცეს, საჭიროა როგორც ბიზნესის, კერძო და საჯარო სექტორის, ასევე დამსაქმებლის ჩართულობა“, - ამბობს „ფორბს ჯორჯიას“ მთავარი რედაქტორი გიორგი ისაკაძე.
გიორგი ისაკაძე ყურადღებას ქვეყნის ეკონომიკურ აღმავლობისთვის პროფესიული განათლების როლზე ამახვილებს.
„პროფესიულ განათლებაზე მუდმივად არის მოთხოვნა, ის რაზეც არის მოთხოვნა, ყოველთვის არის ღირებული. ამ შემთხვევაში პროფესიული განათლების მქონე სპეციალისტების არსებობა პირდაპირ კავშირშია ეკონომიკურ ზრდასთან. განათლება ერთ-ერთი გადამწყვეტი და უმნიშვნელოვანესი კომპონენტია ეკონომიკური ზრდისთვის ნებისმიერ ქვეყანაში, ამ კუთხით კი უშუალოდ პროფესიულ განათლებას დომინანტური ადგილი უჭირავს. სწორედ ამიტომ ადამიანს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა მთელი სიცოცხლის განმავლობაში შეძლოს სწავლა. აქვე მნიშვნელოვანია არსებობდეს ამ ცოდნის მოთხოვნაც. როცა არსებობს მოთხოვნა, ის მაღალანაზღაურებადი ხდება. სადაც მაღალი ანაზღაურებაა, იქ არის შესაძლებლობაც და დაფასებაც“.
გიორგი ისაკაძე მიიჩნევს, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა, რომელიც პროფესიული განათლების მესვეურებმა უნდა გაითვალისწინონ არის ის, რომ პროფესიულ განათლებას წლების განმავლობაში საქართველოში შელახული რეპუტაცია ჰქონდა. ისაკაძე ამბობს, რომ ამ გამოწვევას ბიზნესი, კერძო და საჯარო სექტორი, დამსაქმებელი ერთობლივი ჩართულობით უნდა გაუმკლავდეს.
ენზო ნერი - იტალიელი შეფ-მზარეული
„მთელი სიცოცხლე სწავლა - ჩემი ცხოვრება ამის მაგალითია“, - ამბობს იტალიელი მზარეული ენზო ნერი. ის იტალიაში დაიბადა და გაიზარდა, ბიომექანიკის ინჟინერი იყო, თუმცა პროფესია შეიცვალა და უკვე 20 წელია მზარეულია. იგი თითქმის 2 წელია საქართველოში იმყოფება და „რედისონ გრუფის“ რესტორნის მზარეულია.
„მნიშვნელოვანია საჭირო უნარების ქონა, რადგან ისინი პროფესიულ ტექნიკას გასწავლიან. ჩემს შემთხვევაში სამზარეულოში მუშაობის წესების სწავლა ძალიან მნიშვნლოვანი იყო იმისთვის, რომ საჭმლის მომზადება სწორად მცოდნოდა. ვფიქრობ, საქართველოში ბევრი ინვესტიცია და შესაძლებლობაა ამ ინდუსტრიის განსავითარებლად. ბევრი რესტორანი და სასტუმრო იხსნება, ამიტომაც მათ ახალი პერსონალი სჭირდებათ, განსაკუთრებით მზარეულები. ძალიან მნიშვნელოვანია, მათ კარგი უნარები და პროფესიული განათლება ჰქონდეთ, რათა საბაზრო მოთხოვნები დააკმაყოფილონ“, - ამბობს ენზო ნერი.
ენზო ფიქრობს, რომ „პროფესიონალიზმს არ აქვს ეროვნება“, პროფესიული განათლება კი საშუალებას გაძლევს მაღალანაზღაურებადი სამუშაო იპოვო, როგორც შენივე ქვეყანაში, ისე საზღვარგარეთ. ამის მაგალითად კი საკუთარი გამოცდილება მოაქვს და ამბობს, რომ კონსულტანტად 50 ქვეყანაში უმუშავია - „როცა პროფესიონალი ხარ, შენს უნარებს ყველგან აღიარებენ, სადაც არ უნდა წახვიდე“.