„კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა“ (CRRC) საქართველოში რადიკალიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ანგარიში და რეკომენდაციები მოამზადა. კვლევაში, ძირითადად, პანკისის ხეობის მოსახლეობა და აჭარელი ეკომიგრანტები მონაწილეობენ. ანგარიში ისეთ საკითხებს მოიცავს, როგორიცაა: ახალგაზრდების წასვლა საბრძოლველად სირიასა და ერაყში, ასევე, მათი მონაწილეობა უკრაინის კონფლიქტში; რა ფაქტორებმა შეიძლება უბიძგოს ადამიანს რადიკალიზმისკენ; რატომ აღიქვამენ მუსლიმი თემის წარმომადგენლები თავს რელიგიური მრწამსის გამო დევნილებად და რა პრობლემები აწუხებთ მათ ყველაზე მეტად.
ანგარიშის თანახმად, მსოფლიოში გავრცელებული ჰიპოთეზით, რადიკალიზმის ხელშემწყობი ერთ-ერთი ფაქტორი ეკონომიკური სიდუხჭირეა. ანუ ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც არ აქვს ეკონომიკური შესაძლებლობა, რადიკალური იდეოლოგიებისკენაა მიდრეკილი ან ის გაბრაზებულია საზოგადოების დანარჩენ ნაწილზე, რომელმაც მის კეთილდღეობას ხელი არ შეუწყო. მკვლევრებს ჰქონდათ მოლოდინი, რომ ყველაზე ცუდ ეკონომიკურ პირობებში ის თემი იქნებოდა, ვინც ერაყსა და სირიაში დაკარგა ადამიანები. თუმცა მათ უფრო განვითარებული და მდიდარი შიდა მეურნეობა აღმოაჩნდათ.
რადიკალიზმის ხელშემწყობ ერთ-ერთ ფაქტორად მოსახლეობასა და ხელისუფლებას შორის კავშირია დასახელებული. შესაბამისად, მკვლევრები ელოდნენ, რომ იმ თემში, რომელმაც სირიასა და ერაყში წარმომადგენელი დაკარგა, ყველაზე დაბალი იქნებოდა ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების მიმართ ნდობა. თუმცა კვლევამ ამ შემთხვევაშიც განსხვავებული შედეგი აჩვენა.
რაც შეეხება რადიკალიზმსა და ღრმადმორწმუნეობას შორის კავშირს, ანგარიშის ავტორები ამბობენ, რომ ასეთი კავშირის არსებობის შემთხვევაში, ქრისტიანიც ისე იქნება რადიკალიზმისკენ მიდრეკილი, როგორც მუსლიმი. თუმცა ეს კავშირი იმ თემებში, რომლებმაც სირიასა და ერაყში დაკარგეს წარმომადგეელი, არ დადასტურდა. ანგარიშის თანახმად, ღრმადმორწმუნეობა ამ თემებისთვის დამახასიათებელი არ არის.
როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, მუსლიმებს უფრო აქვთ განცდა, რომ ისინი რელიგიის გამო იდევნებიან, ვიდრე ქრისტიანებს. ის ადამიანი, ვისაც ინტერნეტზე მიუწვდება ხელი, ამას უფრო მძაფრად განიცდის.
თემები, რომელთაც წარმომადგენლები სირიასა და ერაყში ბრძოლისას დაკარგეს, აქვთ განცდა, რომ მძიმე საპოლიციო კონტროლისა და დაკვირვების ქვეშ არიან. პანკისში გამოკითხული მოსახლეობის მხოლოდ 7% ენდობა პოლიციას სრულად, მას ნდობას 39% უცხადებს, 15% კი ამბობს, რომ არ ენდობა ან საერთოდ არ ენდობა პოლიციას.
რაც შეეხება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, მას 34% არ ენდობა ან საერთოდ არ ენდობა. სრულ ნდობას კი გამოკითხულთა მხოლოდ 2% უცხადებს, 14% ნაწილობრივ ენდობა მას.
გამოკითხულთა 24% უნდობლობას ან სრულ უნდობლობას უცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, 3% სრულად ენდობა, 18% კი ენდობა. გაცილებით დიდია ნდობა ქართული ჯარის მიმართ, მას სრულად ან ნაწილობრივ ჯამში 74% ენდობა. სრულ უნდობლობას კი მხოლოდ 2% უცხადებს.
უფრო მეტია ნდობის ფაქტორი აჭარელ ეგომიგრანტებში. გამოკითხულთა 15% სრულად ენდობა პოლიციას. თუმცა 25% საერთოდ არ ენდობა ან არ ენდობა მას. 26% ამბობს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის არსებობის შესახებ არასოდეს სმენია, 9% ენდობა მას, 11 კი სრულ უნდობლობას უცხადებს. შსს-ს სრულად ენდობა 15%, 18% კი სრულ უნდობლობას უცხადებს. რაც შეეხება ქართულ არმიას, მას სრულად ან ნაწილობრივ ჯამში 79% ენდობა, სრულ უნდობლობას კი 4% უცხადებს.
ანგარიშის ავტორთა შეფასებით, უსაფრთხოების სამსახურებსა და საზოგადოებას შორის ნდობის ხარისხი კრიტიკულია. მათი განმარტებით, ამის ერთ-ერთი მიზეზი ადგილობრივებისთვის პოლიციაში მუშაობაზე უარის თქმაა, რაც არაერთმა გამოკითხულმა აღნიშნა.
რაც შეეხება პრობლემებს, რომელიც აჭარელ ეკომიგრანტებსა და პანკისის მოსახლეობას აწუხებს, ეკომიგრანტების 59% და პანკისელი მოსახლეობის 58% მთავარ პრობლემად უმუშევრობას ასახელებს; სიღარიბეს კი - ეკომიგრანტთა 18% და პანკისელთა 21%.
ინფრასტრუქტურული პრობლემებიდან როგორც აჭარელი ეკომიგრანტები, ისე პანკისის მოსახლეობა წყალს, ბუნებრივ აირს, გზებს, სათამაშო და სავარჯიშო მოედნებს, სკოლის ინსტრასტრუქტურასა და საზოგადოებრივ ტრანსპორტს ასახელებენ.
ყველაზე დიდ უკმაყოფილებას კი პანკისელები სოციალური დახმარების, კანალიზაციის, სპორტული ღონისძიებების, საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და ქუჩების კეთილმოწყობის გამო გამოთქვამენ. ანალოგიური საკითხებით არიან უკმაყოფილოები აჭარელი ეკომიგრანტებიც.
CRRC რეკომენდაციით მიმართავს პასუხისმგებელ უწყებებს, საქართველოში რადიკალიზაციის წინააღმდეგ ბრძოლის ყველა მცდელობა ექსტრემიზმის ყველა ფორმის წინააღმდეგ მიმართონ და არა მხოლოდ ჯიჰადისტი ექსტრემისტების.
მეორე რეკომენდაცია მუსლიმ თემში დევნილობის განცდას ეხება. ანგარიშის ავტორები მოუწოდებენ შესაბამის პირებს, ხელი შეუწყონ თემებს, მათ შორის, სხვადასხვა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფის წარმომადგენლებს შორის დიალოგს.
ავტორები მოუწოდებენ შსს-ს, პოლიციელებითვის რელიგიურად სენსიტიური საკითხების შესახებ ტრენინგები გამართონ და ხელი შეუწყოს ზემოხსენებული თემის წარმომადგენელთა პოლიციაში დასაქმებას. ასევე, მხარი დაუჭიროს პანკისში ტურიზმის, მცირე და საშუალო ზომის ბიზნესისა და სოფლის მეურნეობის განვითარებას. რეკომენდაციები ასევე ეხება განათლებას, სპორტსა და კუტურას.
CRRC-მ კვლევისთვის შერეული მეთოდები გამოიყენა. ჯამში, კვლევაში 1 180 რესპონდენტი მონაწილეობდა.