თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპი ერდოღანმა სალომე ზურაბიშვილს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ინფორმაციას ზურაბიშვილის პრესსამსახური ავრცელებს.
„მივიღე ინფორმაცია, რომ 2018 წლის 28 ნოემბერს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე მიიღეთ საქართველოს პრეზიდენტად არჩევისათვის საჭირო ხმათა უმრავლესობა. გილოცავთ, ხალხის ხმებით, ამ საპატიო თანამდებობაზე არჩევას.
მოხარული ვიქნები, თქვენთან ერთად ვიმუშაო, თურქეთისა და საქართველოს შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობის, ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების ყველა სფეროში კიდევ უფრო განსავითარებლად“, - წერს ერდოღანი.
თურქეთის პრეზიდენტი მისალოც წერილში ზურაბიშვილს ჯანმრთელობასა და ბედნიერებას, ხოლო ქართველ ხალხს - კეთილდღეობას და აღმავლობას უსურვებს.
სალომე ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხმების 59.52% მიიღო. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაცია თელავში 16 დეკემბერს გაიმართება.