საქართველოს არჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის თქმით, ინაუგურაციის შემდეგ პრეზიდენტი შევა თავის სასახლეში და დაიწყებს მუშაობას საზოგადოებისთვის.
მისი აზრით, პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ახალი ფურცელი იშლება. ამიტომ, ახალი ფურცლიდან ურთიერთობის დაწყებისკენ არა ოპოზიციას, არამედ თავისთავს მოუწოდა.
ზურაბიშვილის თქმით, მისთვის არ არსებობს ოპოზიცია და პოზიცია, ის არის პარტიების ზემოთ, როგორც პრეზიდენტი.
„ინაუგურაციის მერე იწყება ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების ახალ ფურცელი, ჩვენი სახელმწიფოს ცხოვრების და მე ამისთვის მზად ვარ. ჩემთვის არ არსებობს ოპოზიცია და პოზიცია, მე ვარ პარტიების ზემოთ, როგორც ახალი პრეზიდენტი ახალი კონსტიტუციით. კოჰაბიტია არ არსებობს, ეს აღარ არის კოჰაბიტაცია. პრეზიდენტი არ არის არავისთან კოჰაბიტაციაში, არის აბიტაციაში. შევა თავის სასახლეში და დაიწყებს მუშაობას პირველ რიგში საზოგადოებასთან. უნდა გავაერთიანოთ საზოგადოება“, - თქვა ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან.
სალომე ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხმების 59.52% მიიღო. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს თელავში, ერეკლე მეფის სასახლეში გაიმართება.