შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავა. შსს-ს განცხადებით, პატრულ-ინსპექტორი ქრთამს იღებდა პირისგან, რომელიც თავისი ბარათით მოქალაქეებს მეტროსადგურში უკანონოდ ატარებდა.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ თბილისის ერთ-ერთ მეტროსადგურში მოქალაქე კ.მ გარკვეული თანხის სანაცვლოდ, საკუთარი სამგზავრო ბარათის გამოყენებით, ტურნიკეტის გავლით, მოქალაქეებს უკანონოდ ატარებდა. აღნიშნული დარღვევის შესახებ ცნობილი გახდა მეტროპოლიტენის საპატრულო პოლიციის თანამშრომლისთვის, რომელმაც მ.კ.-ს მფარველობის სანაცვლოდ ქრთამის სახით ყოველ მორიგეობაზე გარკვეული თანხის გადახდა მოსთხოვა“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა პატრულ-ინსპექტორი ნ.შ. მიმდინარე წლის 6 დეკემბერს, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში, მეტროსადგურში მორიგი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს.
გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.