სახალხო დამცველის შეფასებით, ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმეზე არ ჩატარებულა მთელი რიგი აუცილებელი და გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები. შესაბამისად, დანაშაულის ჩადენაში მონაწილე ყველა პირი ამ მომენტისთვის არ არის პასუხისგებაში მიცემული.
ნინო ლომჯარიას განმარტებით, სახელმწიფო ვალდებულია, როცა საქმე სიცოცხლის მოსპობას ეხება, ასეთ საქმეებზე ეფექტიანი გამოძიება აწარმოოს. სახალხო დამცველის თქმით, მათ პროკურატურისგან სავარაუდო სამოხელეო დანაშაულზე გამოძიების დაწყება მოითხოვეს, თუმცა უშედეგოდ. უწყებაში მიმდინარე შედეგები კი ომბუდსმენისთვის უცნობია.
* * * * *
ოფიციალური ვერსიით, არასრულწლოვნებს შორის შელაპარაკება 2017 წლის 1 დეკემბერს #51-ე სკოლის საპირფარეშოში დაიწყო. მე-11 კლასის მოსწავლეებს დ.ნ-ს, დ.ღ-ს და ამავე სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებს ა.ს-ს და თ.ჩ-ს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, რის გამოც მათ შორის ურთიერთობა დაიძაბა. ა.ს. დახმარებისთვის ნათესავს მ.კ-ს დაუკავშირდა. მ.კ. მეგობრებთან ერთად 51-ე საჯარო სკოლასთან მივიდა. სკოლასთან ასევე შეიკრიბნენ ა.ს-სთან და თ.ჩ-სთანდაპირისპირებული არასრულწლოვნები. მანდატურის შენიშვნის შემდეგ კონფლიქტმა ხორავას ქუჩაზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში გადაინაცვლა. კამათი ჩხუბში გადაიზარდა, რა დროსაც ორი მოსწავლე სასიკვდილოდ დაიჭრა. ერთი მათგანი, ლევან დადუნაშვილი ადგილზე გარდაიცვალა; ხოლო მეორე დაჭრილი, დავით სარალიძე - მეორე დღეს საავადმყოფოში. მას 12 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.
შსს-ს წარმომადგენლებმა მკვლელობაში ბრალდებული ერთი მოზარდი იმავე დღეს დააკავეს. ხოლო მეორე რამდენიმე დღის მერე თავად ჩაბარდა სამართალდამცველებს.
ლევან დადუნაშვილის მკვლელობისთვის სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. რაც შეეხება მეორე მოკლულს, დავით სარალიძეს, მის საქმეზე სასამართლომ ბრალდებული გაამართლა - მისი ბრალდების მუხლი გადააკვალიფიცირა, მას ბრალად განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში ედებოდა ბრალად, და მკვლელობის მცდელობით შეუცვალა.