სამეგრელოში, სოფელ ბანძაში მოქალაქეებმა საფლავის გათხრისას ოქროსა და ვერცხლის მონეტები იპოვეს. მათ ნივთების ნაწილი გარდაცვლილი პირის ოჯახს მისცეს, რომელმაც ისინი მუზეუმში მიიტანა.
დანარჩენი ოქროსა და ვერცხლის მონეტები მპოვნელებმა ქუთაისში ლომბარდში ჩააბარეს. როგორც „ლიბერალს“ შსს-ში უთხრეს, ფაქტის დასადგენად გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-მუხლით დაიწყო, რაც ნივთის ფარულად დაუფლებას გულისხმობს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ 24 ნოემბერს ადგილობრივი გარდაცვლილი პირის დასაკრძალად საფლავის გათხრისას მოქალაქეებმა თიხის ქოთანი იპოვეს, რომელშიც მოთავსებული იყო ოქროს და ვერცხლის მონეტები. გარდაცვლილი პირის ოჯახმა, რომელსაც მპოვნელებმა ნივთების ნაწილი გადასცეს, ოქროს და ვერცხლის ნივთები ადგილობრივ მუზეუმს გადასცა, სხვა ნაპოვნი ნივთები კი ნივთების მპოვნელმა მოქალაქეებმა ქალაქ ქუთაისში კონკრეტული თანხის სანაცვლოდ ჩააბარეს ოქროს ნივთების სავაჭრო ობიექტში“
საქმეზე ჩატარებული ოპერატიული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველების მიერ სრულად ამოღებულია ფულის სანაცვლოდ ჩაბარებული ოქროსა და ვერცხლის ნივთები, ასევე გამოძიების ფარგლებში ექსპერტიზის მიზნით ამოღებულია მუზეუმისთვის გადაცემული ნივთები და ყველა ნივთი ამ დროისთვის დაცულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ნივთმტკიცებებისთვის განკუთვნილ სპეციალურ ოთახში“, - უთხრეს „ლიბერალს“ შსს-ში.
შსს-ს ცნობით, ნაპოვნი ოქროსა და ვერცხლის ნივთების დათარიღებისა და შეფასებისთვის მიმდინარეობს კონსულტაციები კულტურის სამინისტროსთან. ფაქტთან დაკავშირებით კი გრძელდება აქტიური საგამოძიებო მოქმედებები.