დეპუტატებმა გურამ მაჭარაშვილმა და რატი იონათამიშვილმა პარლამენტის ბიუროზე დაარეგისტრირეს კანონპროექტი, რომლითაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები პროფესიული საჯარო მოხელეები აღარ იქნებიან. ამის ნაცვლად ახალ პრეზიდენტს ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირები ეყოლება.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ (TI) მიიჩნევს, რომ კანონპროექტი საჯარო მოხელეების პოლიტიზების ახალ პრეცენდენტს ქმნის და საფრთხეს უქმნის საჯარო სამსახურის რეფორმას.
„ამ ცვლილებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლების გათავისუფლება მოხდება პრეზიდენტის ვადის გასვლისთანავე, ხოლო ახალი თანამშრომლების აყვანა შესაძლებელი იქნება უკონკურსოდ და მათი ხელშეკრულების ვადა პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადაზე იქნება მიბმული.
ამით ირღვევა როგორც ადმინისტრაციის თანამშრომელთა უფლებები, ასევე საფრთხე ექმნება საჯარო სამსახურის რეფორმის განხორციელებას“, - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაში.
TI-ის განცხადებით, კანონპროექტი რომელიც 100-მდე დასაქმებულ საჯარო მოხელეს ეხება, ეწინააღმდეგება 2013 წელს დაწყებულ საჯარო სამსახურის რეფორმას.
რეფორმის მიზანი იყო ჩამოეყალიბებინა ეფექტური, მერიტოკრატიულ პრინციპებზე დამყარებული საჯარო სამსახური, რომელიც გამიჯნული იქნებოდა პოლიტიკური ცვლილებებისგან, დაეფუძნებოდა კარიერულ განვითარებას და გახდებოდა საჯარო მმართველობის უწყვეტობის გარანტი.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადებით, ანგარიშვალდებული, ეფექტიანი, ქმედითი, გამჭვირვალე და პროფესიონალური საჯარო სამსახურის შექმნისკენ რეფორმების გაგრძელების ვალდებულება აიღო საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებითაც. კანონპროექტი კი ამ რეფორმას შინაარსს აცლის.
„ცვლილების აუცილებლობა კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, მდგომარეობს იმაში, რომ „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები რეალურად წარმოადგენენ რა საქართველოს პრეზიდენტის, როგორც სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის უფლებამოსილებების განხორციელებაში ხელშემწყობ პირებს, უნდა იყვნენ ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებულები“.
აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტს ადმინისტრაციული ხელშეკრულებით თანამშრომლის აყვანა მოქმედი კანონმდებლობითაც შეუძლია (ძირითადად მრჩევლები და თანაშემწეები). თუმცა პრეზიდენტის ადმინისტრაციის მთელი აპარატი არ შეიძლება მოვიაზროთ პრეზიდენტის ხელშემწყობ პირებად, რადგან ისინი ემსახურებიან ინსტიტუციის გამართულად ფუნქციონირებას, მათი უფლება-მოვალეობები უცვლელია პრეზიდენტის ცვლილების მიუხედავად და აღნიშნული მოვალებების წარმატებით განხორციელებისათვის საჭიროა პირველ რიგში პროფესიონალიზმი და ინსტიტუციური მეხსიერება“, - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
TI მოუწოდებს პარლამენტს მხარი არ დაუჭიროს ინიცირებულ კანონპროექტს, რომელიც ქმნის საჯარო სამსახურის პოლიტიზების ახალ პრეცედენტს, ზიანს აყენებს რეფორმას და მოხელეთა შრომით უფლებებს.