„მე მიზნად მქონდა, შემექმნა ისეთი პრეზიდენტის პრეცედენტი, რომელიც არ იქნებოდა დაპირისპირებული და დაპირისპირების მატარებელი. ამ მიზანს ჰქონდა თავისი ობიექტური საფუძვლები. ეს იყო პირველი პრეზიდენტობა, როცა მას აღმასრულებელი ფუნქციები არ ჰქონდა და ამანაც განაპირობა ტემპერატურის დაწევა“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა „კავკასიის უნივერსიტეტის“ სტუდენტებთან შეხვედრისას. მან თავისი წინამორბედების მმართველობის პერიოდიც შეაფასა.
მისი თქმით, წინა პრეზიდენტების ისტორია ძალიან საინტერესო და ამავდროულად, ძალიან ტრაგიკულია. მარგველაშვილის შეფასებით, ჩვენ ვიწყებთ სახელმწიფოებრივ ბიოგრაფიას იმით, რომ ქართულმა საზოგადოებამ სასიკვდილოდ გაიმეტა ქვეყნის პირველი პრეზიდენტი.
„ვიცით, რატომ მოკლეს ის? - არ ვიცით. ერთი ვიცით, რომ ამ ადამიანს არ დაუხოცავს ადამიანები, არ შეუქმნია კონცლაგერები, არ გაუყიდია ქვეყნის ინტერესები“,- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა და აღნიშნა, რომ საზოგადოებას არ გასჩენია კითხვები, რატომ გააძევეს ქვეყნიდან პირველი პრეზიდენტი და რატომ მოკლეს ის, ადამიანი, რომელსაც სისხლში არ ჰქონია ხელები გასვრილი.
რაც შეეხება ედუარდ შევარდნაძეს, პრეზიდენტის შეფასებით, ის იყო მნიშვნელოვანი ბიოგრაფიის მატარებელი. მარგველაშვილის თქმით, შევარდნაძე მიუღებელ პოლიტიკურ ფიგურად „ნაციონალურმა მოძრაობამ“ წარმოაჩინა.
„იყო მიღწევები, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონდა. მაგრამ ის აქცენტები, რომელიც თავის დროზე არეულ ქვეყანაში, სადაც სამხედრო დაჯგუფებები ქმნიდნენ პოლიტიკურ ამინდს, ედუარდ შევარდნაძემ გააკეთა, თავისი სახელმწიფოებრივი ხედვით, - მე ვლაპარაკობ ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკაზე, - ის პრეცედენტები დღემდე ისეა - ედუარდის დრო გინდათ? - ამ იდეოლოგიაში ვლაპარაკობთ. არავის არ უთქვამს, რომ ედუარდ შევარდნაძემ მას გეოპოლიტიკური შინაარსი და ადგილი მიუჩინა. შევარდნაძემ დაინახა, რომ დემოკრატია ის სპეციფიკა იქნება, რითაც საქართველო თავს წარმოაჩენს“,- აღნიშნა მარგველაშვილმა.
მან მიხეილ სააკაშვილის შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ მან ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები ჩაატარა და სახელმწიფო ინსტიტუტების თვალსაზრისით, წინ გადადგა ჩვენი ქვეყანა, რაზეც საერთაშორისო საზოგადოება დღესაც საუბრობს.
„ის დღეს ქვეყნის გარეთ დევნილია და ტრაგიკული ფიგურაა. საუბარი იმაზე ხომ არაა, რომ მას შეცდომები არ ჩაუდენია, მაგრამ შეიძლება, რომ ჩვენს ქვეყანაში ყველა პრეზიდენტი ტრაგიკული და დევნილი იყოს? ესაა სირთულეები, რომ ერთი ჩვენთვის იყო დასამხობი პრეზიდენტი, მეორე - კრიმინალური რეჟიმის პრეზიდენტი, მესამე - პირსისხლიანი. ესაა ჩვენი დამოკიდებულება ჩვენივე წარსულთან“,- განაცხადა მარგველაშვილმა.