Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მოსახლეობის თითქმის 40% კომუნალურების გადასახდელად ფულს სესხულობს - რა წერია კვლევაში

14 დეკემბერი, 2018 13:00

ორგანიზაციამ - „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ (WEG)  ჩაატარა კვლევა „ენერგეტიკული სიღარიბე და მოწყვლადი მომხმარებლები საქართველოში". ენერგეტიკული სიღარიბის პირველადი კვლევა ავლენს, რომ საქართველოში მოსახლეობის დიდი ნაწილისათვის ენერგეტიკული სიღარიბე მნიშვნელოვანი პრობლემაა.

ენერგეტიკული სიღარიბე არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანებს ან ოჯახებს არა აქვთ შესაძლებლობა, სათანადოდო გაათბონ სახლი ან მიიღონ სხვა საჭირო ენერგეტიკული მომსახურება ხელმისაწვდომ ფასად.

კვლევის მიხედვით, დღეისათვის საქართველოს მოსახლეობის 99%-ს აქვს წვდომა ელექტროენერგიაზე, ხოლო 68%-ს - ბუნებრივ გაზზე, თუმცა ოჯახების თითქმის ნახევარი გათბობასა და საჭმლის მომზადებაში დამოკიდებულია შეშაზე. შეშის წვა კი, ძირითადად, არაეფექტიან ღუმლებში, ჯანმრთელობის დამაზიანებელი მეთოდებით ხდება.

„მიჩნეულია, რომ ქალები ენერგეტიკული სიღარიბის გავლენას უფრო მწვავედ და ხშირად განიცდიან და ეს ხდება არა იმიტომ, რომ კაცებისგან განსხვავებული ენერგეტიკული საჭიროებები აქვთ, არამედ იმიტომ, რომ ქალებს, კაცებთან შედარებით, ენერგიაზე ხელმისაწვდომობის და გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობის განსხვავებული ხარისხი აქვთ. განვითარებად ქვეყნებში ოჯახებში სახლის მოვლისა და საკვების მომზადების ფუნქცია უმეტესად ქალებს აკისრიათ. იმის გამო, რომ საკვების მომზადება, ამ შემთხვევაში, უმეტესად გულისხმობს შეშის გამოყენებას და არაეფექტურ ღუმლებში ან ღია ცეცხლზე წვას, ქალების ჯანმრთელობა მნიშვნელოვნად უარესდება. შეშის წვისას წარმოქმნილი კვამლი აზიანებს როგორც სასუნთქ სისტემას - ისე, მხედველობას, "- ნათქვამია კვლევაში. 

ენერგეტიკულ სიღარიბეზე სამი ძირითადი კომპონენტი მოქმედებს:

 • დაბალი შემოსავლები

• მაღალი ენერგეტიკული ტარიფები

• შენობების დაბალი ენერგოეფექტურობა

მოსახლეობა ცივ ამინდში საცხოვრებლის საერთო ფართის მხოლოდ მცირე ნაწილს ათბობს. უმეტესად თბება მხოლოდ 20 მ2 ან ნაკლები. გათბობისათვის მოსახლეობის 44,5% იყენებს ბუნებრივ გაზს, 45,8% - შეშას და სასოფლო - სამეურნეო ნარჩენებს, ხოლო 6,4% - ელექტროენერგიას.

შემოსავლები და ენერგეტიკული დანახარჯების წილი

საქსტატის მონაცემებით, 2017 წელს საქართველოს მოსახლეობის საშუალო თვიური შემოსავალი ერთ სულზე 272.7 ლარს შეადგენდა, ხოლო შინამეურნეობაზე - 954.8 ლარს. კომუნალური დანახარჯი მთლიანი დანახარჯის 12%-ს შეადგენს და აღემატება ტანსაცმელზე (4%) ტრანსპორტსა (10%) თუ განათლებაზე (4%) გაწეულ ხარჯს.

კვლევის მიხედვით, არსებული სოციალური ფონის გათვალისწინებით, ზამთრის თვეებში ენერგეტიკული გადასახდელები მოსახლეობის დიდ ნაწილს მნიშვნელოვან ტვირთად აწვება. 2017 წლის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის 22%-ს შემოსავალი 270 ლარზე ნაკლები აქვს, ხოლო 8%-ს 108 ლარზე ნაკლები. მოსახლეობის თითქმის 40% კომუნალური გადასახდელების გადასახდელად ფულს სესხულობს (8% - ყოველთვიურად, 6% - ყოველი მეორე თვე, 24% - ნაკლებად ხშირად).

„აღსანიშნავია, რომ ეს დანახარჯები არსებობს იმ ენერგეტიკული სუბსიდირების სქემების და შეღავათიანი ტარიფების მიუხედავად, რომელიც ყოველწლიურად მოქმედებს საქართველოში. 2017 წელს ცენტრალური ბიუჯეტიდან და თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სხვადასხვა კატეგორიის 189,000 - ზე მეტი აბონენტის დასახმარებლად 29 მილიონი ლარის ენერგეტიკული სუბსიდია გაიცა.9 გარდა ამისა, ბუნებრივი აირი სრულიად უფასოდ მიეწოდება ყაზბეგისა და დუშეთის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ მოსახლეობას. ხოლო მესტიაში მოსახლეობა გამანაწილებელ კომპანიას მიწოდებული ელექტროენერგიის ტარიფს არ უხდის. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საქართველოსთვის მოწოდებული ბუნებრივი აირის ფასი საყოფაცხოვრებო სექტორისათვის არის საბაზრო ფასზე იაფი და შეადგენს 120 დოლარს 1000 მ3 -ზე, "- ნათქვამია კვლევაში.

შენობების ენერგოეფექტურობა

კვლევის მიხედვით, შენობების თბური მახასიათებლები ენერგეტიკული სიღარიბის განმაპირობებელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. საქართველოში საცხოვრისების უდიდესი ნაწილი (76,7%) აშენებულია 1951 - 1990 წლებში. შენობებთან დაკავშირებული ძირითადი პრობლემა ენერგოეფექტურობის დაბალი დონეა. 1960 -იანი წლებიდან ქვეყანაში დაიწყო 5 - სართულიანი მრავალბინიანი კორპუსების ე.წ. “ხრუშჩოვკების” ინტენსიური მშენებლობა.

„მათი საინჟინრო და სამშენებლო კრიტერიუმები იმდროინდელი მთავრობის პოლიტიკიდან გამომდინარეობდა, რომელიც მიზნად ისახავდა მოსახლეობის ცხოვრების პირობების მინიმალური მოთხოვნების დაკმაყოფილებას. აღნიშნულ პერიოდში აგებული შენობების თერმული წინაღობა დაბალია, რადგან კომფორტისა და სანიტარულ - ჰიგიენური კრიტერიუმები მინიმალური იყო. აღსანიშნავია, რომ საბჭოთა პერიოდის ბოლოს და 90-იან 2000-იან წლებში აშენებული შენობების ენერგომოხმარება კიდევ უფრო მაღალია გარე კედლების ცუდი თერმული თვისებების და შენობების გარსში ფანჯრების მაღალი წილის გამო. შენობების დაბალი ენერგოეფექტურობა ზრდის მოხმარებული ენერგიის რაოდენობას და შესაბამის დანახარჯებს."

რას ამბობენ კვლევაში მონაწილე ადამიანები 

კვლევის მიხედვით, გარდა ზემოთ მოცემული რაოდენობრივი მაჩვენებლებისა, ენერგეტიკული სიღარიბის ხარისხობრივი შეფასებისათვის საინტერესოა WEG-ის მიერ ჩატარებული ფოკუს ჯგუფების ანალიზი.

ფოკუს ჯგუფები, რომელიც ჩატარდა თბილისის სოციალურად დაუცველი მოსახლეობის და კახეთის რეგიონში მცხოვრები საშუალო შემოსავლიანი მოსახლეობის მონაწილეობით, ავლენს, რომ:

• როგორც სოციალურად დაუცველი რესპონდენტების, ისევე რეგიონში მცხოვრები რესპონდენტებისათვის ენერგეტიკული დანახარჯების წილი არ აღემატება 10%-ს ზაფხულის თვეებში, ხოლო ზამთარში შემოსავლის 20 - 25%-ს შეადგენს. თუმცა ენერგიის დაზოგვა, ხშირ შემთხვევაში, პირადი კომფორტისა და კეთილდღეობის ხარჯზე ხდება. გარდა ამისა, რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობა მიუთითებს ზაფხულში ტემპერატურის მატებასა და კონდიციონერების საჭიროებაზე, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის მათ ენერგეტიკულ დანახარჯებს ზაფხულში.

• სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ინფორმირებულობის დონე ენერგიის მოხმარების თავისებურებებისა და ენერგოეფექტურობის შესახებ დაბალია. მაგალითად, ისინი ნაკლებად ერკვევიან ენერგოეფექტური ნათურების მახასიათებლებში და ჯანმრთელობისათვის საზიანოდ მიჩნიათ, ასევე არ აქვთ ინფორმაცია, რომ ენერგეოეფექტური ნათურების ფასი მნიშვნელოვნად არის შემცირებული და ნათებაც საკმარისი აქვთ. ამასთან, სოციალურად დაუცველ მოსახლეობას შორის შეშა ყველაზე სუფთა და უსაფრთხო საწვავად მიიჩნევა.

• სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დახმარების სისტემა ნაკლებეფექტურია, რადგან მოიცავს მხოლოდ ელექტოენერგიის ვაუჩერს და არ ეხება ბუნებრივ გაზს. ამან შეიძლება წაახალისოს ელექტროენერგიის არაეფექტური მოხმარება. ფოკუს ჯგუფის მონაწილეები მიზანშეწონილად მიიჩნევენ ვაუჩერით განსაზღვრული თანხის გადანაწილებას ბუნებრივ გაზზეც.

• რეგიონის მოსახლეობა, თბილისის მოსახლეობისგან განსხვავებით, აღნიშნავს ელექტროენერგიით მომარაგების უსაფრთხოების მნიშვნელობას. მიუთითებენ, რომ უამინდობისას ხშირია ელექტროენერგიის წყვეტები, და ძაბვის ცვალებადობა, რის გამოც ხშირად უფუჭდებათ საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ცდილობენ ასეთ ამინდებში წინასწარ იზრუნონ და გამორთონ დანადგარები. ამბობენ ასევე, რომ გაუმართავი ინფრასტრუქტურა, სადენები და ბოძები ხშირად საფრთხეს უქმნის მათ სიცოცხლეს.

ორგანიზაცია „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ (WEG) კვლევა  ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს მხარდაჭერით. 

მასალაზე თან დართული ფოტო ორგანიზაცია WEG-ის მიერ არის მომზადებული 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^