საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო არჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე დამსწრე უცხოელ პარტნიორთა სიას აქვეყნებს. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
„ინაუგურაციის ცერემონიას დაესწრება სომხეთის პრეზიდენტი, საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი და ყოფილი თავდაცვის მინისტრი და სოციალურ საქმეთა ყოფილი მინისტრი, თურქეთის რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სპიკერი, სერბეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერი, ჩეხეთის რესპუბლიკის სენატის პრეზიდენტი, ლიტვის სეიმის სპიკერი, პოლონეთის სენატის მარშალი და პრეზიდენტის კანცელარიის ხელმძღვანელი, მოლდავეთის ვიცე-პრემიერი, თურქმენეთის ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრი, გაერთიანებული არაბეთის საემიროების კლიმატის ცვლილებებისა და გარემოს დაცვის მინისტრი, ბელარუსის ეროვნული ასამბლეის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ისრაელის ქნესეთის ვიცე-სპიკერი და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, სუამის გენერალური მდივანი, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ამერიკიდან სტუმარი გვეყოლება USAID-ის წარმომადგენელი და ასევე წმინდა საყდრის საგანგებო ემისარი, საქართველო მადლობას უხდის ჩვენს მეგობრებს და პარტნიორებს სტუმრობისთვის“, - განაცხადა თოთლაძემ.