საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის - სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია დასრულდა. მთავრობის წარმომადგენლებმა ინაუგურაციის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარები გააკეთეს.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ოპოზიციის აქციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ დილიდან მკაფიოდ იყო განსაზღვრული და გასაჯაროებული თელავისკენ მიმავალი მარშრუტები. მან ასევე აღნიშნა, რომ პოლიციამ თმენის ვალდებულებაზე მეტად მოითმინა დღეს.
„ჩვენ პატივს ვცემთ ინსტიტუტებს და პოლიციამ სრულად გამოიყენა თმენის ის ვალდებულება, რომელიც მას აქვს. ამ დილიდან მკაფიოდ იყო მარშრუტები განსაზღვრული, ვინ, საიდან და როგორ მოძრაობდა. უნდა ვთქვა, რომ გამოხატვის თავისუფლება სრულიად თავისუფალია ამ ქვეყანაში.
დღეს იმ პარალელური ე.წ. აქციის პირობებში მე მინდა, რომ დიდი ბოდიში მოვუხადო და დიდი მადლობა ვუთხრა თითოეულ პოლიციელს და მინდა, დავპირდე მათ, დღეს საღამოს და ხვალინდელი დღიდან ყველა ქმედება, პრვოკაციული ქმედება, რომელიც იყო სხვადასხვა წერტილში, სამართლებრივად გაანალიზდება და იქ, სადაც იქნება სისხლის სამართლის შემადგენლობა, ყველას, მიუხედავად სტატუსისა და თანამდებობისა, მოეთხოვება შესაბამისი პასუხი. თითოეული მოქნეული ხელის, თოთოეული დაზარალებული პოლიციელისა თუ მოქალაქის საქმე იქნება შესწავლილი. ამას მე ვპირდები ჩემს თანამშრომლებს, თითოეულ პოლიციელს," - განაცხადა გიორგი გახარიამ.
ამ წუთებში ოპოზიციის ლიდერები და მათი მხარდამჭერები ყვარლის გადასახვევთან იმყოფებიან. პოლიცია კვლავ არ აძლევს მათ გზის გაგრძელების საშუალებას.