
„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" (EMC) შეფასებით, „პრობლემურია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ საზოგადოების ინფორმირება, გონივრული ვადით ადრე, ალტერნატიული გზების შესახებ არ მოახდინა". EMC 16 დეკემბერს თელავში მიმავალი ოპოზიციის მხარდამჭერებისთვის გზის გადაკეტვისა და ადგილზე მომხდარი დაპირისპირებების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
„ნათელია, რომ პროცესის არასაკმარისი ორგანიზების ან/და წინასწარი, სათანადო კომუნიკაციის არარსებობის პირობებში, წარმოიშვა პოლიციასა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირების ინციდენტები, რისი თავიდან აცილებაც, პოლიციის მხრიდან შეკრების სწორი ორგანიზების და მართვის პირობებში, შესაძლებელი იყო" - ნათქვმაია განცხადებაში.
მათი თქმით, მსგავსი ინციდენტები მძიმედ აისახება პოლიციის მიმართ საზოგადოების ნდობაზე, ასევე პოლიციის, როგორც პოლიტიკურად ნეიტრალური სახელმწიფო ინსტიტუტის მუშაობაზე, რომელიც პოლიტიკური მიკერძოების გარეშე, ადამიანის უფლებების დაცვითა და პატივისცემით, უნდა მოქმედებდეს.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო, მითითებების გაცემისას კანონიერების დაცვით და პროცესის სათანადო ორგანიზების გზით, უნდა უზრუნველყოფდეს პოლიციასა და საზოგადოებრივ ჯგუფებს შორის მსგავსი დაპირისპირებების პრევენციას" - ნათქვამია განცხადებაში.
რაც შეეხება აქციაზე ადამიანების დაშავებას, EMC შემდეგი რეკომენდაციებით გამოდის:
„მიგვაჩნია, რომ პოლიციელთა დაზიანებების საკითხზე დაწყებული გამოძიება, შინაგან საქმეთა სამინისტროს ნაცვლად, პროკურატურამ უნდა აწარმოოს. შინაგან საქმეთა მინისტრი გუშინ მთელი დღის განმავლობაში აკეთებდა განცხადებებს ამ საკითხთან დაკავშირებით, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს მისივე უწყებაში ამ საქმის ობიექტურ გამოძიებას.
აღნიშნულის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ მთავარ პროკურატურას დაიწყოს გამოძიება 16 დეკემბერს, ოპოზიციის მხარდამჭერებსა და პოლიციის წარმომადგენლებს შორის მომხდარ ინციდენტზე, მათ შორის, დროულად და ობიექტურად გამოიძიოს:
- პოლიციის ქმედებების კანონიერება გადაადგილების და შეკრების თავისუფლებაში შესაძლო ჩარევის შესახებ;
- ასევე აქციის მონაწილეთა და პოლიციელების მიერ მიღებული დაზიანებების საკითხი".