
ირანის ელჩი სეიედ ჯავად ყავამ შაჰიდი საქართველოს ხელისუფლებას სთხოვს, გადაჭრას ირანის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლაზე გახშირებული უარის თქმის საკითხი.
ელჩის თქმით, ირანელმა ტურისტებმა უნდა დაიცვან საქართველოში შემოსვლის წესები, მაგრამ თუ პრობლემა საქართველოს კანონმდებლობაში ან მესაზღვრეების მიერ ირან-საქართველოს შორის შეთანხმების შეუსრულებლობაშია, მაშინ ქართულმა მხარემ ისე უნდა გადაჭრას ეს საკითხი, რომ არ დააზიანოს ორი ქვეყნის ურთიერთობა.
ირანის ელჩის თქმით, ირანი იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა. ქვეყნებს შორის ურთიერთობა მათი კავშირის გაღრმავებაზე უნდა იყოს ორიენტირებული და უვიზო მიმოსვლა ორივე ქვეყანას აწყობს.
„ურთიერთობის შენარჩუნება და მისი გაღრმავება უნდა იყოს ძირითადი პრინციპი. თუ იქნება ისეთი მოვლენა, რამაც შეიძლება ორი ქვეყნის შეთანხმებაზე გავლენა მოახდინოს, ვფიქრობ განხილული უნდა იყოს ისე, რომ არ დაზიანდეს ჩვენი ურთიერთობა“, - განაცხადა შაჰიდმა.
შაჰიდის განცხადებით, საქართველოსა და მის ქვეყანას აქვს შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ირანის მოქალაქეებს 45 დღით ქვეყანაში უვიზოდ შემოსვლა შეუძლიათ. შეთანხმებაში არ არის დაკონკრეტებული, თუ რა ტიპის მოქალაქეებს ეხებათ უვიზო მიმოსვლა და ირანელებს მისი მრავალჯერადად სარგებლობის უფლება აქვთ.
„ბოლო პერიოდში აღინიშნა შეთანხმებაში ჩადებული პირობებისგან სხვაგვარი პირობები. ამიტომ, თუ რეგულაციებში რამე დასახვეწია, ეს არ უნდა გახდეს მიზეზი, რომ უცხოელი ტურისტები გაანაწყენონ“, - თქვა ელჩმა.
შაჰიდი მიიჩნევს, რომ ძალიან ცოტა ირანელი შეიძლება იყოს ისეთი, ვინც საქართველოში ჩამოვა და აქ მუდმივად დარჩენას გადაწყვეტს. ირანელთა აბსოლუტური უმრავლესობა ტურისტული მიზნით ჩამოდის, დებს ინვესტიციას, სწავლობს ან დროებით, კანონით გათვალისწინებული ვადებით საქმდება საქართველოში.
ირანის ელჩის თქმით, მათ საქართველოს ხელისუფლებასთან ჰქონდათ შეხვედრა და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაგრძელებას პოზიტიურად უყურებს.
„ჩვენ გვქონდა შეხვედრები, მოლაპარაკებები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან. კარგია, რომ ქართულ მხარეს აქვს ნება, სურვილი. შესაძლოა ქართულ მხარეს აქვს დასახვეწი რეგულაციები ან მესაზღვრეების მხრიდან არ სრულდებოდა შეთანხმება შესაბამისად.
მიმაჩნია, რომ ძალიან მარტივი გზები არსებობს ამ პრობლემის გადასაჭრელად. ისე რომ, არ დაზიანდეს არც ერთი ქვეყნის ინტერესი“, - დასძენს შაჰიდი, რომლის თქმითაც, უვიზო მიმოსვლა ორივე ქვეყნისთვის კარგია. ირანი არ ფიქრობს სავიზო რეჟიმზე, მაგრამ ამ პირობებში საქართველო-ირანის შეთანხმება შეიძლება გადაიხედოს.
„უვიზო რეჟიმი არის ძალიან კარგი ორივე ქვეყნისთვის. ირანი არ ფიქრობს ამ გადაწყვეტილების შეცვლას, მაგრამ ის შეთანხმება, რომელიც 2010 წელს შედგა ვეღარ პასუხობს დღევანდელ მოთხოვნებს. ის 45-დღიანი შემოსვლის დრო გულისხმობდა როგორც ტურისტს, ისე ინვესტორსა და სხვა ტიპის მოქალაქეს.
ამიტომ, თუ მოქალაქე აქ შემოდის და იწყებს ეკონომიკურ საქმიანობას, მას ეუბნებიან, რატომ იწყებ ამ ტიპის საქმიანობას, როცა შემოსული ხარ, როგორც ტურისტი?! არადა, შეთანხმებით ეს არ არის განსაზღვრული და თუ მხოლოდ ტურისტებს აქვთ 45-დღიანი უვიზო რეჟიმით სარგებლობის უფლება, მაშინ ეს შეთანხმება უნდა გადაიხედოს“, - თქვა ბრიფინგზე ირანის ელჩმა.
ბოლო პერიოდში, ირანის მოქალაქეებისთვის საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შემთხვევები გახშირდა. 10 დეკემბერს ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ბაჰრამ ქასემიმ ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ ირანი თავის მოქალაქეებს საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავებას ურჩევს.
ირანელი ბიზნესმენების არშემოშვების გამო, თბილისში 14 დეკემბერს ორგანიზაციის - „ირანელ ინვესტორთა კავშირი საქართველოში“ დაგეგმილი კონფერენცია გადაიდო.
შსს-ს სტატისტიკით, 2018 წლის 11 თვეში საქართველოში შემოსვლაზე უარი ირანის 2345-მდე მოქალაქეს ეთქვა. აქედან ნოემბერში საქართველოში შემოსვლაზე ირანის 434 მოქალაქეს ეთქვა უარი.