Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რას ნიშნავს კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტად ეპიფანეს არჩევა

18 დეკემბერი, 2018 15:16

კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომეოსი უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალიას ოფიციალურად, სავარაუდოდ, 6 იანვარს გადასცემს.

15 დეკემბერს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ლიდერები ახალი ეროვნული მართლმადიდებელი ეკლესიის შექმნაზე შეთანხმდნენ და მის ხელმძღვანელად 39 წლის მიტროპოლიტი ეპიფანე აირჩიეს.

უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს თქმით, ეროვნული უსაფრთხოება რუსეთისგან „სულიერ დამოუკიდებლობაზეა“ დამოკიდებული.

„რადიო თავისუფლების“ ინგლისურენოვანი ბიუროს ცნობით, თავის პირველ ლიტურგიაში მიტროპოლიტმა ეპიფანემ უკრაინელებს ქვეყანაში მშვიდობისთვის ერთობლივი ლოცვისკენ მოუწოდა.

„ჩვენ ბოლომდე უნდა მივიყვანოთ უკრაინული მართლმადიდებლობის გაერთიანება, ვილოცოთ (აღმოსავლეთ უკრაინაში) ომის დასასრულებლად და მშვიდობისთვის სრულიად უკრაინაში“, - თქვა მიტროპოლიტმა ეპიფანემ 16 დეკემბერს წმინდა მიქაელის მონასტერში გამართულ საკვირაო წირვაზე.

მოსალოდნელია, რომ კონსტანტინეპოლის პატრიარქისგან ტომოსის მისაღებად ეპიფანე 6 იანვარს სტამბოლში გაემგზავრება.

„ეს დღე ისტორიაში შევა, როგორც წმინდა დღე... როგორც რუსეთისგან სამუდამო დამოუკიდებლობის დღე“ - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა პოროშენკომ, რომელმაც წმინდა სოფიის კათედრალთან შეკრებილ ათასობით ადამიანს მიმართა.

ეკლესიის საბჭოს შეხვედრამდე, რუსეთის პატრიარქმა კირილემ რელიგიურ და მსოფლიო ლიდერებს მოუწოდა, დაიცვან მორწმუნეები და სასულიერო პირები უკრაინაში „დევნისგან“.

უკრაინის ოფიციალური პირების თქმით, უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნის უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობისთვის, თუმცა შესაძლოა, ამან რუსეთთან ურთიერთობები კიდევ უფრო დაძაბოს.

BBC-ის ინფორმაციით, საბჭოს შეხვედრამდე, უკრაინული ეკლესიის სამი შტო არსებობდა: უკრაინული მართლმადიდებელი ეკლესია (კიევის საპატრიარქო), უკრაინული მართლმადიდებელი ეკლესია (მოსკოვის საპატრიარქო) და უკრანული ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია.

ახლა კი კიევის საპატრიარქოსა და ავტოკეფალური ეკლესიის მღვდელმსახურები ახალი ეკლესიის, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წევრები გახდნენ.

2018 წლის დასაწყისში კონსტანტინოპოლის პატრიარქმა შეცვალა 1686 წელს მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც კიევის ეკლესიები მოსკოვს ექვემდებარებოდა. BBC-ის ცნობით, რუსეთი შიშობს, რომ ამ გადაწყვეტილების შედეგად 12 000 უკრაინელ მრევლს დაკარგავს.

საკვირაო წირვის შემდეგ მიტროპოლიტმა ეპიფანემ „რადიო თავისუფლებას“ უთხრა, რომ უკრაინის ეკლესია „სრულყოფილად უნდა გაერთიანდეს“.

„როდესაც ავტოკეფალიის ტომოსს მივიღებთ, ეკლესიის მართვისთვის საჭირო ყველა ინსტიტუცია გვექნება“, - თქვა მიტროპოლიტმა.

მისი თქმით, მომავალში რეფორმების გასატარებლად „წყნარი, ბრძნული და დაბალანსებული ნაბიჯები გადაიდგმება“, რადგან ისე უნდა იმოქმედონ, რომ შედეგი გაერთიანება იყოს, და არა გაყოფა.

ეპიფანემ კონფლიქტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკრაინამ ოკუპირებული ყირიმი უნდა დაიბრუნოს.

„გვაქვს ოკუპირებული ყირიმი, რომელიც უნდა დავიბრუნოთ. ნაწილობრივ ოკუპირებულია დონბასიც. გვჯერა, რომ უფალი შეისმენს ჩვენს ლოცვებს და დიდი ხნის ნანატრ მშვიდობას მოგვივლენს, სამართლიან მშვიდობას გაერთიანებულ უკრაინაში, რომელშიც გაერთიანებული უკრაინული მართლმადიდებელი ეკლესია გვექნება“ - თქვა მან.

„ლიბერალი“ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიასა და მისი აღიარების პროცესში საქართველოს ეკლესიის როლზე თეოლოგ მირიან გამრეკელაშვილს ესაუბრა. გამრეკელაშვილი ამბობს, რომ უკრაინის ეკლესიის ხელმძღვანელად ეპისკოპოს ეპიფანე დუმენკოს არჩევა მრავალმხრივ ბრძნული გადაწყვეტილება იყო, რომელიც ერთიანობის განცდის გაძლიერებასაც ემსახურებოდა.

მისივე განმარტებით, იგი არ არის საბჭოთა დროის იერარქი, არ არის ხელდასხმული მოსკოვისაგან და მისი პიროვნება არ იწვევს წინააღმდეგობრივ რეაქციას შეთანხმებულ მხარეებს შორის.

„მოგეხსენებათ, რომ განახლებული უკრაინის ავტოკეფალური ეკლესია, მრავალი სეგმენტისაგან შემდგარი ერთი სხეულია. გულწრფელად რომ ვთქვათ, ეს ერთიანობა არ არის ძალზედ მყარი. იგი, ძირითადად, რუსული საეკლესიო ექსპანსიის წინააღმდეგ გაერთიანებული კოალიციაა. კრებაზე წარმოდგენილნი იყვნენ ეპისკოპოსები სამი მართლმადიდებელი ეკლესიიდან, ორი იერარქი, მათ შორის მოსკოვის დაქვემდებარების ქვეშ მყოფი ეგზარქატიდან. თუმცა წარმოდგენილმა მღვდელმთავრებმა მოახერხეს პრაქტიკულ საკითხებზე შეთანხმება და ავტოკეფალიისათვის საჭირო წინაპირობების მიღწევა“, - ამბობს გამრეკელაშვილი.

მისი თქმით, უკრაინის ეკლესიაში განახლება ორმა მნიშვნელოვანმა კონფლიქტმა დააჩქარა:

„ერთი მხრივ, ეს იყო 2013 წლიდან დაწყებული სამხედრო დაპირისპირება რუსეთსა და უკრაინას შორის, რომელსაც ყირიმის ანექსია მოჰყვა, ხოლო მეორეს მხრივ, რუსეთის ეკლესიის მიერ 2016 წლის კრეტის წმინდა და დიდი კრების ბოიკოტირება“ - ამბობს გამრეკელაშვილი.

მისივე განმარტებით, დიდი ხნის განმავლობაში რუსეთის ეკლესია მხოლოდ მუქარად მიიჩნევდა ამ მოვლენაზე საუბარს. ხოლო, როდესაც უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია უკვე ფაქტად იქცა, რუსეთი მინიმუმ ეცდება, კიევი სხვა მართლმადიდებელმა ეკლესიებმა არ აღიარონ.

იგი აღნიშნავს, რომ თავად უკრაინელი მოსახლეობისათვის ავტოკეფალიის მინიჭების პროცესი ამავე დროს რუსეთისაგან საბოლოო კულტურული და სულიერი გამიჯვნის პროცესიცაა.

6 იანვარს, ახალი სტილით ნათლიღების დღესასწაულზე ავტოკეფალიის მინიჭების პროცესი შედგება. სადღესასწაულო წირვას ერთად აღასრულებენ მსოფლიო პატრიარქი ბართლომე და ახლად არჩეული კიევის მიტროპოლიტი ეპიფანე.

გამრეკელაშვილი განმარტავს, რომ ამის შემდეგ პროცედურულად უნდა მოხდეს ამ აქტის აღიარება სხვა მართლმადიდებელი ეკლესიების მიერ. არაღიარების შემთხვევაში კი ავტოკეფალური ეკლესია არსებობას განაგრძობს არაკანონიკური სტატუსით.

გამრეკელაშვილი ამბობს, რომ უკრაინისთვის საქართველოს პოზიციას დიდი მნიშვნელობა ენიჭება, იმ პარალელების გამო, რომელიც ავტოკეფლიის გზაზე ამ ორ ეკლესიას შორის არსებობს.

„ამას ემატება პოლიტიკური თვალსაზრისითაც იდენტურ მდგომარეობაში ყოფნა. ორივე ქვეყანა ცდილობს თავი რუსეთის გავლენისგან დაიცვას. თუ რა პოზიციას დაიჭერს, საქართველოს საპატრიარქო ამ საკითხთან მიმართებაში ერთმნიშვნელოვნად გამოხატული ჯერჯერობით არ არის“, - ამბობს გამრეკელაშვილი და დასძენს, რომ აღიარებაზე უარის შემთხვევაში, ეს „საქართველოს ეკლესიისთვის საერთაშორისო იზოლაციასა და რუსეთის ორბიტაზე სამუდამო ყოფნას“ ნიშნავს.

შეკითხვაზე - როგორ გავლენას მოახდენს უკრაინის ავტოკეფალიის მხარდაჭერა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მხრიდან მის ურთიერთობაზე რუსეთის ეკლესიასთან? - გამრეკელაშვილი პასუხობს, რომ რუსეთის ეკლესიამ უკვე გაწყვიტა ურთიერთობა და თანაზიარება კონსტანტინეპოლის საპატრიარქოსთან. ამდენად, ავტოკეფალიის ოფიციალურად გამოცხადების შემდეგ, მისი მხრიდან მოკავშირე ეკლესიებზე მეტ ზეწოლას უნდა ველოდოთ, რომლითაც იგი მსოფლიო საპატრიარქოს გავლენის სფეროს საბოლოო გახლეჩას შეეცდება. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^