თბილისის სააპელაციო სასამართლომ თბილისის მერიას "თბილისის მედიათეკების გაერთიანების" ყოფილი დირექტორის მაკო ჭოღოშვილის თანამდებობაზე აღდგენა დაავალა. მერიას დაევალა განაცდურის აღდგენაც.
თბილისის მერიის მედიასთან ურთიერთობის სამსახურში განაცხადეს, რომ მერია დაემორჩილება სასამართლოს გადაწყვეტილებას და არ აპირებს გადაწყვეტილების შემდგომ ინსტანციაში გასაჩივრებას.
მაკო ჭოღოშვილის ადვოკატის ნინო ლიპარტიას ინფორმაციით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ მხარეებს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკება და ამ ეტაპზე უცნობია, რაზე მორიგდებიან მხარეები.
---------------------
მაკო ჭოღოშვილი თანამდებობიდან 2016 წელს გაათავისუფლეს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მედიათეკების დირექტორი თბილისის ვიცე-მერმა ნინა ხატისკაცმა დაიბარა და თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ აცნობა, რის მიზეზადაც არაეფექტური მართვა დაასახელა.
2016 წელს მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში ნინა ხატისკაცმა განაცხადა, რომ გათავისუფლების მიზეზი მენეჯერული პრობლემები იყო.
"მაკო ჭოღოშვილმა აღნიშნა, რომ ის თავს გრძნობს ოჯახში და როგორც საკუთარი სახლი, ისეა მისთვის მედიათეკა. ჩვენ სწორედ ეს მოგვეჩვენა, რომ ის ზედმეტად ოჯახში გრძნობდა თავს და ზედმეტად მორგებული ჰქონდა ის ბიუჯეტიც, ის რესურსებიც... საკადრო რესურსების უმრავლესობა - მისი კლასელები, დეიდაშვილები, ბიძაშვილები არიან. პრაქტიკულად, ეს არის 15-20 ადამიანი, რომელიც თავიდან ბოლომდე მისი წრეა”, - ამბობდა ნინა ხატისკაცი 2016 წელს.
მაკო ჭოღოშვილი მიიჩნევდა, რომ მედიათეკა ეფექტური ორგანიზაცია იყო და ის ოფიციალურად დასახლებული მიზეზის გამო არ გაუთავისუფლებიათ.
“დამიბარეს გუშინ ქალბატონ ნინა ხატისკაცთან და მომახსენეს, რომ ხვალ, მთავრობის სხდომაზე გამოვა მერის განკარგულება, რომლითაც ვიქნები გათავისუფლებული. მე, ბუნებრივია, ვიკითხე - რა დავაშავე. მიპასუხეს, რომ ასეთი დარღვევა მედიათეკას არ აქვს, იმიტომ რომ ძალიან ცოტა ხნის წინ მედიათეკაში იყო საკრებულოს სარევიზიო-საფინანსო კომისია, რომლის დასკვნაც ჩემთვისაც და მათთვისაც ცნობილია. გარდა ამისა, იყო მონიტორინგის სამსახური, რომელიც აქედან ძალიან კმაყოფილი წავიდა. შესაბამისად, მიზეზი ჩემთვის უცნობი იყო. მე ვიკითხე და მითხრეს, რომ კი, ნამდვილად თქვენ დიდი ღვაწლი მიგიძღვით მედიათეკის დაარსებაში, მის ფუნქციონირებაში, მაგრამ ახლა მედიათეკის უფრო ეფექტური მუშაობისთვის მიღებულ იქნა ასეთი გადაწყვეტილება”, – ამბობდა მაკო ჭოღოშვილი 2016 წელს მედიისთვის მიცემულ კომენტარებში.
მაკო ჭოღოშვილი მედიათეკის დაარსებიდან მისი დირექტორია. “თბილისის მედიათეკების გაერთიანება” მკითხველისთვის 2013 წლის 29 მარტს გაიხსნა.